Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 4

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
 იგავი მთესველზე

41 კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა: 3 „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. 5 ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი — ოცდაათად, ერთი — სამოცად და ერთი — ასად.“ თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“

იგავების მიზანი

10 როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე. 11 მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. 12 რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შიეცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“

მთესველის იგავის ახსნა

13 უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? 14 მთესველი სიტყვას თესავს. 15 ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. 16 ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას. 17 მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლე არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. 18 სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ. 19 მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. 20 კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი — ოცდაათად, სამოცად და ასად.“

სანთელი — სასანთლეზე

21 უთხრა მათ: „განა იმისათვის მოაქვთ სანთელი რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან? 22 არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს. 23 თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ 24 უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ. 25 რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.

იგავი თესლის ზრდაზე

26 თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, 27 ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. 28 რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. 29 რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“

იგავი მდოგვის მარცვალზე

30 თქვა: „რას შევუდაროთ თქვენი სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ? 31 იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, 32 დათესვისას მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“

იგავების გამოყენება

33 მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. 34 იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.

ქარიშხლის დაცხრობა

35 იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა.“ 36 გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. 37 ამოვარდა ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა. 38 ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“ 39 წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ 40 და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“ 41 და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“

თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

COMMENTS