Home1იოანეს

1 იოანეს 2

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის პირველი წერილი
ქრისტე – შუამდგომელი მამის წინაშე

21 შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი. ამით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

ახალი მცნება

საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის ის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან. ამასთანავე გწერთ ახალ მცნებასაც, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ბრწყინავს. ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება. 10 ვისაც თავისი ძმა უყვარს, გიგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში. 11 ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, ვინაიდან სიბნელემ დაუბრმავა თვალები. 12 თქვენ გწერთ, შვილნო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელისთვის. 13 თქვენ გწერთ, მამანო, რადგან შეიცანით ის, რომელიც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს. 14 მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს.
   15 ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას , რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. 16 ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის. 17 გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე.

ანტიქრისტე

18 ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავალად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია. 19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. 20 თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. 21 იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდეთ, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის. 22 ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. 23 ყოველივე, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს. 24 ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25 ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა.
   26 ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. 27 ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშივეა და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით.

ღვთის შვილები

28 აბა, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შერცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას. 29 თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

COMMENTS