ძველი აღთქმა
3 მეფეთა
111 მეფე სოლომონს შეუყვარდა მრავალი უცხოელი ქალი, გარდა ფარაონის ასულისა, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები – 2 იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის, „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით. 3 და ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მოდრიკეს მისი გული ცოლებმა. 4 და სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის, გული. 5 და დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის ყაშთორეთისა და ყამონელთა სიბილწის მილქომის კვალზე. 6 და ბოროტს აკეთებდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. 7 მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს. 8 ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს. 9 და განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას, 10 და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. 11 და უთხრა უფალმა სოლომონს: „იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დავაწესე შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს; 12 ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის, გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან. 13 მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.” 14 და გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი. 15 ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში, 16 რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელის ძენი, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში, 17 მაშინ გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მსახურებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი. 18 და აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს, და წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. და მისცა მან სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა. 19 და ჰპოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და. 20 და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად. 21 და როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: „გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალ.” 22 და უთხრა ფარაონმა: „რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა?” და თქვა: „არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.” 23 კიდევ გაუჩინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს, 24 და შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური, მას შემდეგ, რაც დავითმა სძლია მათ, და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს. 25 ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი და არამზე გამეფდა იგი. 26 იერობყამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუაყი, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე. 27 აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი, დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის, ქალაქში. 28 მამაცი კაცი იყო იერობყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგრის ხალხი. 29 ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობყამი და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად. 30 და აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, ზედ რომ ესხა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა. 31 და უთხრა იერობყამს: „აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ შტოს. 32 ერთი შტო მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის, გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან. 33 ეს იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ ყაშთორეთს – ციდონელთა ღმერთს, ქემოშს – მოაბის ღმერთს და მილქომს – ყამონის ძეთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი, იცავდა. 34 და არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს. 35 მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს. 36 ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამარადჟამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად. 37 ახლა შენ ამყავხარ, რომ იმბრძანებლო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე. 38 და თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს. 39 და მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამარადჟამოდ.’“ 40 და ცდილობდა სოლომონი იერობყამის მოკვლას, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობყამი ეგვიპტეში, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე. 41 სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი. 42 ხანი სოლომონის მეფობისა მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. 43 და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში, და გამეფდა რეხაბყამი, მისი ძე მის ნაცვლად. თ
COMMENTS