უფლის წყალობა ბიბლიის მუხლები

ლუკას 4:16-21
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად. და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა: „უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”. დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა. და დაუწყო მათ ლაპარაკი: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.

ესაია 61:1-2
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.

იოანეს 15:12-13
ესაა ჩემი მცნება – რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

2 კორინთელთა 8:9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.

2 კორინთელთა 13:14
უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!

ეფესელთა 4:7
ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.

ფილიპელთა 2:1
მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,

1 ტიმოთეს 1:16
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.

2 ტიმოთეს 1:8
ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.

2 ტიმოთეს 2:1
ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის.

მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

მარკოზის 6:34
გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.

მათეს 14:14
გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

მათეს 15:32
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.

მარკოზის 8:2
„მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.

მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

ლუკას 13:34
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლველო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ისურვეთ!

მათეს 20:30-34
და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!” უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!” იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?” უთხრეს: „უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”. შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.

მათეს 8:2-3
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

მარკოზის 1:39-40
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”

ლუკას 5:12-13
ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. იესოს დანახვისთანავე მიწაზე დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მნებავს, განიწმიდე!” და მყისვე მოშორდა კეთრი.

მათეს 8:5-13
კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”. იესომ მიუგო: „მოვალ და განვკურნავ”. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: „უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”. უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

მათეს 9:18-30
ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”. წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი. მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი. ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა. მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი. იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: „შეგვიწყალე, ძეო დავითისა!” სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: „ჰო, უფალო!” მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!” და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „აჰა, არავინ გაიგოს!”


მსგავში თემები:

მადლი       ქრისტეს თანაგრძნობა