Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 8

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
ოთხი ათასი კაცის გაძღება

81 იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: 2  „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.  3 მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“ და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?“ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი.“ და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს. რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ. ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილნი ნატეხებისაგან შვიდი კალათი აიღეს. ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი. 10 და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.

ნიშნის მოთხოვნა

11 და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ. 12 სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგამს ნიშანი არ მიეცემა.“ 13 და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.

ფარისეველთა და ჰეროდეს საფუარი

14 და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ. 15 დაარიგა ისინი და უთხრა „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.“ 16 ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო. 17 იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ? 18 თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? 19 როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „თორმეტი.“ 20 „როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „შვიდი.“ 21 და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?“

ბრმის განკურნება ბეთსაიდასთან

22 მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. 23 და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“  24 მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით.“ 25 შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა. 26 და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“

პეტრეს განცხადება იესოზე

27 და წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ 28 მათ უთხრეს: ამბობნენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები — ელიაო, სხვები — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. 29 და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ.“ 30 და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.

იესო  თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

31 და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. 32 და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა. 33 ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“ 34 და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავსი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 35 ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. 36 რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? 37 ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავის სულის სანაცვლოდ? 38 რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“

თავი მეშვიდე                                                                                                                                         თავი მეცხრე

COMMENTS