Home2კორინთელთა

2 კორინთელთა 8

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ
სიუხვის სიმდიდრე

81 და აჰა, გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. 2 ვინაიდან, მიუხედავად დიდი შევიწროებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში. ვინაიდან, ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ. დიდი დაჟინებით გვთხოვეს მადლი და თანაზიარება წმიდათა მომსახურებაში. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღვთის ნებით. 6 ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე. 7 ხოლო როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასე იუხვეთ ამ მადლშიც.
   8 ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ რათა სხვათა სიბეჯითით გამოვცადო თქვენი სიყვარულის სიწრფელეც. 9 ვინაიდან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10 ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება რაც შარშან წამოიწყეთ და ხალისითაც. 11 ახლა კი დაასრულეთ კიდეც საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ. 12 ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს. 13 არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის. 14 ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ იყოს თანასწორობა. 15 როგორც სწერია: „ვინც ბევრი აკრიფა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არ აკლდა.“

ტიტე და მისი თანამგზავრები

16 და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენს მიმართ ტიტეს გულს. 17 ვინაიდან მართლაც მიიღო ჩვენი შეგონება და მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან. 18 მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. 19 გარდა ამისა, ის არჩეულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ სამადლო საქმეში, რასაც ჩვენ ვემსახურებით თვით უფლის სადიდებლად და თქვენი გულმოდგინების შესაბამისად. 20 ვფრთხილობთ, რომ არავინ გამოვიდეს ბოროტი საყვედურით ჩვენზე, როცა ესოდენ უხვია ეს შემოწირულება, რომელიც ჩვენი მსახურებით იქნა მოპოვებული. 21 ვინაიდან ვცდილობთ კეთილისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც. 22 გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა უფრო მეტად ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი. 23 რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ძმებს, ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან. 24 ამიტომ უჩვენეთ და დაუმტკიცეთ მათ ეკლესიების წინაშე თქვენი სიყვარული და ის, რითაც ჩვენ ვიკვეხნით თქვენით.

თავი მეშვიდე                                                                                                                                          თავი მეცხრე

COMMENTS