Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 8

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
მრუშობაზე წასწრებული ქალი

81 იესო წავიდა ზეთისხილის მთისაკენ. 2 დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობარებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. 4 ეუბნება მას: ,,მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. 5 მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი? 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ 8 კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უცუხესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. 10 წამოიმართა იესომ ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: ,,ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ 11 უთხრა მან: ,,არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: ,,არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“

იესო — ნათელი სოფლისა

12 კვლა ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: ,,მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ 13 უთხრეს მას ფარისევლებმა: ,,შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.“ 14 მიუგო იესომ და უთხრა: ,,მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15 თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ. 16 მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.“ 17 თქვენს რჯულში სწერია, რომ ორი ადმიანის მოწმობა ჭეშმარიტია. 18 მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი. 19 უთხრეს მას: ,,სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: ,,არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობოდათ.“ 20 ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი.

სადაც მე წავალ, თქვენ ვერ მოხვალთ

21 კვლავ უთხრა მათ იესომ: ,,მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ.“ 22 თქვეს იუდეველებმა: ,,თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“ 23 უთხრა მათ: ,,თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ. 24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ 25 უთხრეს მას: ,,ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: ,,თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ: 26 ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე.“ 27 ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. 28 უთხრა მათ იესომ: ,,როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. 29 ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“ 30 როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.

ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ

31 უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: ,,თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ 33 მიუგეს მას: ,,ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავის მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“ 34 მიუგო მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.  35 მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ. 36 თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. 37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38 მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.“

თქვენ ეშმაკის ძენი ხართ

39 მიუგეს და უთხრეს მას: ,,ჩვენ მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: ,,თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. 40 ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. 41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ.“ უთხრეს მას: ,,ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთ მამა გვყავს — ღმერთი.“ 42 უთხრა მათ იესომ: ,,ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისაგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43 რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. 44 თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. 45 ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი. 46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47 ვინც ღვთისაგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არ ხართ.“

ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ

48 მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: ,,განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ 49 მიუგო იესომ: ,,ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე. 50 თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი. 51 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“ 52 უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე. 53 განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?“ 54 მიუგო იესომ: ,,მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. 55 თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას. 56 აბრაამს, მამათქვენს უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.“ 57 უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“ 58 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ,,სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“ 59 მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფერა და გავიდა ტაძრიდან.

თავი მეშვიდე                                                                                                                                         თავი მეცხრე

COMMENTS