Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 12

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იესოს ცხება ბეთანიაში

121 პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ–ერთი თანამეინახე იყო. მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი: 5 ,,რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა. უთხრა იესომ: ,,დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. 8 რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთან გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.“

შეთქმულება ლაზარეს მოსაკლავად 

9 გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არ ამარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 10 გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ, 11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.

ზეიმით შესვლა იერუსალიმში

12 მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა. 13 აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახოდნენ: ,,ოსანა! კურთხეულია არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“ 14 იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15 ,,ნუ გეშინია, სიონის ასული; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი.“ 16 ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.  17 ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა. 18 ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი გქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. 19 ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ,,ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“

ბერძნები ეძებენ იესოს

20 იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. 21 მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: ,,ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“ 22 ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს. 23 იესომ მიუგო მათ და უთხრა: ,,მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა. 24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25 ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26 ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურებიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

კაცის ძე უნდა ამაღლდეს

27 ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28 მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: ,,განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.“ 29 იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. 30 მიუგო იესომ და თქვა: ,,ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31 ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. 32 და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.“ 33 ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა. თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს. 34 მიუგო მას ხალხმა: ,,რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა? 35 უთხრა მათ იესომ: ,,კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. 36 სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ნათლისა.“

იუდეველთა ურწმუნოება

ეს ელაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა. 37 ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, 38 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: ,,უფალო ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“ 39 იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: 40 ,,მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“ 41 ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე. 42 თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. 43 რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.

განსჯა იესოს სიტყვებით

44 იესომ შესძახა და თქვა: ,,ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, 45 და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. 46 მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს. 47 თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხავად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად. 48 ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს. 49 რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. 50 და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.“

თავი მეთერთმეტე                                                                                                                             თავი მეცამეტე

COMMENTS