Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 13

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
ფერხთბანა

131 პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფლებში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. 2 სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. მივიდა სიმონ–პეტრესთან. ის კი ეუბნება: ,,უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ.“ ეუბნება მას პეტრე: ,,უკუნისამდე არ დამბან ფეხს.“ მიუგო იესომ: ,,თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“ ეუბნება მას სიმონ–პეტრე: ,,უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც.“ 10 ეუბნება მას იესო: ,,განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“ 11 რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
   12 ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: ,,იცით რა გიყავით? 13 თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ. 14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი. 15 რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. 16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. 17 რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. 18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.’ 19 ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. 20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს.“

იესო წინასწარ ლაპარაკობს თავის გაცემაზე

21 ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთ თქვენგანი გამცემს მე.“ 22 გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. 23 იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. 24 სიმონ–პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.  25 გადაიხარა იგი და იესოს მკერდისკენ და ეუბნება: ,,უფალო, ვინაა იგი?“ 26 მიუგებს იესო: ,,ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოუწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27 ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: ,,რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.“ 28 მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრეს ეს. 29 ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. 30 ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყონებლივ გავიდა. და იყო ღამე.

ახალი მცნება

31 როცა გავიდა, ამბობს იესო: ,,ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. 32 რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას. 33 შვილებო, კიდევ მცირე ხანსაღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ–მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. 34 ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. 35 ჩემი მოწაფეები ხომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“

წინასწარ ლაპარაკი პეტრეს უარყოფაზე

36 ეუბნება სიმონ–პეტრე: ,,უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: ,,ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები.“ 37 ეუბნება მას პეტრე: ,,უფალო ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“ 38 მიუგო იესომ: ,,სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.

თავი მეთორმეტე                                                                                                                         თავი მეთოთხმეტე

COMMENTS