გამოსვლა 34:5-7
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’. გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი. უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
რიცხვნი 14:17-20
ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს: სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში. გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”. უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
ნეემია 9:16-17
მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი. არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
ფსალმუნები 102:1-18
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო – მისი წმიდა სახელი. აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე; ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავისგან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და სიკეთის გვირგვინის დამდგმელი; სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, არწივივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელის ძეთ – თავისი საქმენი. შემბრალე და გულმოწყალეა უფალი, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. არც ჩვენი ცოდვებისამებრ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა. ვინაიდან როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთა მიმართ. როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული. როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები. ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს. უფლის წყალობა კი უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე – მათ შვილთაშვილებზე, მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას, ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს მათ.
ესაია 43:25
მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
მიქა 7:18-20
ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას. მისცემ იაკობს ჭეშმარიტებას და აბრაჰამს – სიკეთეს, ძველთაგანვე რომ შეჰფიცე ჩვენს მამებს.
1 იოანეს 1:8-10
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან. თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
იერემია 31:31-34
„აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” – ამბობს უფალი. „რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან; და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას – შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
2 ნეშტთა 7:14
და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან – მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
ესაია 55:6-7
ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
ებრაელთა 8:8-12
ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, მოდის დღეები – ამბობს უფალი – და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, როგორიც მათ მამებს დავუდე, იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა; ვინაიდან არ დარჩენილან ჩემს აღთქმაში და მეც უგულებელვყავი ისინი – ამბობს უფალი. აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ – ამბობს უფალი – ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და იქნებიან ჩემს ერად. აღარ ასწავლის თითოეული თავის მოძმეს და არ ეტყვის თითოეული თავის ძმას: შეიცან უფალი, რადგან ყველა მათგანი, დიდიან-პატარიანად, შემიცნობს მე, ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.
ფსალმუნები 50:1-7
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო – შენს სამართალში. აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს. აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს. მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
ესაია 6:1-5
ეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.
რომაელთა 3:9
მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან.
ებრაელთა 9:22
ასე რომ, რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით იწმიდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება.
ლევიანნი 4:27-31
თუ უბრალო ხალხიდან შესცოდავს ვინმე უნებლიეთ, ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს, მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს შესაწირი: დედალი, უნაკლო თხა, თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა. თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე. თითით აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს; მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს. და ააცალოს მღვდელმა მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირს ააცალა და სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად დააკმიოს უფლისთვის; გამოისყიდის მას მღვდელი და ეპატიება ცოდვა.
ლევიანნი 5:17-18
და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო და არ იცოდა, დამნაშავეა იგი და თავის ცოდვას ატარებს. მიიტანოს მღვდელთან უნაკლო ვერძი წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულის შესაწირად; და გამოისყიდის მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა და ეპატიება.
მათეს 26:27-28
აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
ეფესელთა 1:6-9
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
კოლოსელთა 2:13-15
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება. გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
ფსალმუნები 129:3-4
ღმერთო, რომ შემოგენახა ჩვენი ცოდვები, წინ ვინ დაგიდგებოდა, უფალო? მაგრამ შენ გაქვს ცოდვების პატიება, რათა ეშინოდეთ შენი.
იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.
ესაია 1:18
მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
იაკობის 5:13-16
იტანჯება რომელიმე თქვენგანი? ილოცოს. ხარობს? იგალობოს. არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
1 იოანეს 2:1-2
შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი.