ნეემია 9

ივნისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ნეემია

91 ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელის ძენი მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. 2 და გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა უცხოელს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთ მამების დანაშაულობანი. 3 და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს. 4 და დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იესო, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ქენანი და შეჰღაღადეს უფალს, თავიანთ ღმერთს. 5 და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით, აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება! 6 შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენ ცანი, ცანი ცათანი, და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი. 7 შენა ხარ ის უფალი ღმერთი, აბრამი რომ ამოირჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და მას სახელად აბრაამი დაარქვი. 8 და ჰპოვე მისი გული სარწმუნო, წინაშე შენსა და აღთქმა დაუდე, რომ მის მოდგმას მისცემდი ქვეყანას ქანაანელთა, ხეთელთა და ამორეველთა, ფერეზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა. და შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ. 9 შენ დაინახე ჩვენი მამების გაჭირვება ეგვიპტეში, და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე. 10 შენ მიეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მისი ყველა მსახურისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ, და შენ სახელი გაუთქვი ამ დღევანდელივით. 11 შენ გააპე მათ თვალწინ ზღვა, და მათაც ხმელეთზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი ისე ჩაძირე ღურღუმელში, როგორც ქვა აბობოქრებულ წყლებში. 12 შენ დღისით ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ წინ, და ღამით ცეცხლის სვეტით, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. 13 შენ ჩამოხვედი სინაის მთაზე და ზეციდან ელაპარაკე მათ, და მიეცი მათ სწორი სამართალი და ჭეშმარიტი რჯული, კეთილი წესები, და მცნებები. 14 შენ გააცანი მათ შენი წმიდა შაბათი. და შენ მიეცი მათ მცნებები, წესდებები, და რჯული, შენი მსახურის, მოსეს, ხელით. 15 შენ უწყალობე პური ზეციდან მათი შიმშილის დასაცხრობად, შენ გადმოუდინე მათ წყალი კლდიდან მათი წყურვილის მოსაკლავად. და უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომელზეც შენ აღმართე ხელი მათთვის მისაცემად. 16 ისინი და ჩვენი მამებიც კადნიერად მოიქცნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს. 17 და არც გაგონება ინებეს და არც შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი. 18 თუმცა მათ ჩამოსხმული ხბო გაიკეთეს და თქვეს: ‘ესაა შენი ღმერთი, რომელმაც ამოგიყვანა ეგვიპტიდან!’ – მათ დიდი საგმობი საქმეები ჩაიდინეს. 19 მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში: დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდათ გზაზე საწინამძღვროდ და ღამით ცეცხლის სვეტი, მათთვის იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. 20 და შენი კეთილი სული მიანიჭე მათ შესაგონებლად, და შენი მანანა არ მოგიშორებია მათი პირისათვის, და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად. 21 და ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში, – არ აკლდათ არაფერი; სამოსელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასიებიათ. 22 და მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, და დაუნაწილე მათ ყველა კუთხე და ისინიც დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ბაშანის მეფის, ყოგის, ქვეყანას. 23 შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად. 24 და მოვიდნენ ძენი, და დაეპატრონენ ქვეყანას. და შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი, ქანაანელები, და ხელში ჩაუგდე მეფეებიანად და იმ ქვეყნის ხალხებიანად, რათა მათ თავიანთ ნებაზე მოქცეოდნენ. 25 და დაიპყრეს მათ ციხე-ქალაქები, პოხიერი მიწა, დაეპატრონენ ყველანაირი სიკეთით სავსე სახლებს, კლდეში ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილიანებს და ხეხილიანებს მრავლად; და ჭამეს და გაძღნენ, და გასუქდნენ, და მიეცნენ განცხრომას შენი დიდი სიკეთის წყალობით. 26 და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ. საგმობი საქმეები ჩაიდინეს. 27 ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან. 28 როგორც კი სულს მოითქვამდნენ ისევ ბოროტის კეთებას იწყებდნენ შენს წინაშე. და შენ კვლავ მტრის ხელში აგდებდი და ისინიც ბატონობდნენ მათზე; და კვლავ შემოგღაღადებდნენ, და შენც ზეციდან ისმენდი და იხსნიდი მათ შენი სიბრალულისამებრ მრავალგზის. 29 და აფრთხილებდი მათ, რათა შენი რჯულისაკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი კადნიერად იქცეოდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინააღმდეგ, რომელთა აღსრულებითაც უნდა იცოცხლოს კაცმა; აიჩეჩეს ჯიუტი მხრები და გაიფიცხეს ქედი და არაფერს ისმენდნენ. 30 შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში. 31 და მაინც შენი დიდი სიბრალულის გამო არ მოსპე და არ მიატოვე ისინი, რადგან მოწყალე და შემბრალებელი ღმერთი ხარ. 32 ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და საშინელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე. 33 შენ მართალი ხარ ყოველივეში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით. 34 და ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავარნი, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამები არ ასრულებდნენ შენს რჯულს და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და შენს შეგონებებს, რომლებითაც შეაგონებდი მათ. 35 ისინი თავიანთ სამეფოშიც კი, მიუხედავად იმ დიდი სიკეთისა, შენ რომ უწყალობე მათ, მიუხედავად იმ ვრცელი და პოხიერი მიწისა, შენ რომ წინ გადაუშალე, არ გემსახურებოდნენ და უკეთური საქმეებისაგან უკან არ იხევდნენ. 36 და აჰა, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ ქვეყანაში, ჩვენს მამებს რომ უბოძე, მისი ნაყოფისა და მისი სიკეთის საჭმელად. 37 მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისათვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ. 38 და ყოველივე ამის გამო ჩვენ ვდებთ მტკიცე აღთქმას წერილობით. ჩვენმა მთავარებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა ბეჭედი დაუსვეს.”

თავი მერვე                                                                                                                                               თავი მეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close