ესაია 28:9
ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი – მისი სიბრძნე.
რომაელთა 11:33
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
იობი 28:12-24
მაგრამ სად იპოვება სიბრძნე? სად არის ცოდნის ადგილი? მისი ფასი არ იცის კაცმა და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება. უფსკრული ამბობს: ის ჩემში არ არის; ზღვაც ამბობს: ჩემთან არ არის! არ გაიცვლება იგი ოქროში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად; არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით; ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი, ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება იგი! მარჯანი და ბროლი არაფერია მასთან, მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე! ვერ გაუსწორდება მას ეთიოპიის ტოპაზი, სუფთა ოქროთი არ შეფასდება. საიდან მოდის სიბრძნე და სად მკვიდრობს გონიერება? დაფარულია იგი ყოველი ცოცხალის თვალთაგან და თვალთაგან ცის ფრინველებისა; ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: სმენია მისი ამბავი ჩვენს ყურებს. ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი, რადგან ის გაჰყურებს დედამიწის კიდეებს და ხედავს მთელ ცისქვეშეთს.
იერემია 10:12
მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონიერებით განავრცო ცები.
ფსალმუნები 103:24
რა აურაცხელია შენი საქმენი, უფალო! სიბრძნით შეჰქმენ ყოველივე, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით.
იგავნი 3:19-20
უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი. ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი.
იობი 12:13-25
ღმერთთანაა სიბრძნე და ძალა, მას ეკუთვნის რჩევა და გაგება. აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, კაცს დაატუსაღებს და ვეღარ გამოიხსნება. აჰა, შეაჩერებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გათელავენ მიწას. მასთანაა ძალა და სრული სიბრძნე, ცდუნებულიც მისია და მაცდუნებელიც. შიშველი ფეხით დაატარებს მრჩევლებს და მსაჯულებს აბრიყვებს. მეფეებს ბორკილებს ხსნის და სარტყელს არტყამს წელზე; მღვდლებს შიშველი ფეხით დაატარებს და ძლიერებს ამხობს; თავდაჯერებულთ მეტყველებას ართმევს და უხუცესებს – გაგების უნარს. დიდებულებზე დამცირებას გადმოღვრის და მძლავრთა სარტყელს ასუსტებს; წყვდიადიდან ამჟღავნებს საიდუმლოებებს და ნათელს ჰფენს უკუნეთის სიღრმეებს; გაამრავლებს ერებს და ანადგურებს, განავრცობს ერებს და წარუძღვება მათ. გონებას ურევს დედამიწის ხალხთა მთავრებს და უდაბნოში ახეტიალებს უგზოუკვლოდ. უსინათლოდ დადიან ბნელში და მთვრალებივით დაბორიალებენ!
დანიელი 2:20-22
და თქვა დანიელმა: „კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება. ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას. აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
1 კორინთელთა 1:30
მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
ესაია 11:2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
1 კორინთელთა 1:18-21
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
ეფესელთა 3:10
რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
ეზრა 7:25
შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!
იგავნი 2:6
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გონიერება.
დანიელი 2:23
გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
1 კორინთელთა 2:6-16
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან, არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის. რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც. რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა. ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული. რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით. მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება. ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება. ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!
იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
3 მეფეთა 3:28
გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
ესაია 28:24-29
განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას? განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს. ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას. რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით – კვლიავს. ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს. ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი – მისი სიბრძნე.