ძველი აღთქმა
დანიელი
21 ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა. 2 მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისათვის აეხსნათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარსდგნენ მეფის წინაშე. 3 უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.” 4 ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.” 5 მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: „გამშორდა სიტყვა. თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა. 6 თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.” 7 მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: „უბრძანოს მეფემ თავის მსახურთ თავისი სიზმარი და ჩვენც ვიტყვით ახსნას.” 8 მიუგო მეფემ და თქვა: „ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ გამშორდა სიტყვა. 9 თუ კი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.” 10 მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე მოგვისგან, შემლოცველისაგან თუ ქალდეველისაგან. 11 საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ ვერავინ შეუსრულებს მეფეს იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.” 12 ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა. ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენი დაეხოცათ. 13 ბრძანება გამოვიდა, რათა ბრძენკაცები გაეჟლიტათ. დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ. 14 მაშინ დანიელმა საზრიანი და ბრძნული პასუხი გასცა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. 15 მიუგო და უთხრა არიოქს, მეფის მოხელეს: „რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება?” მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს. 16 წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის. 17 მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს – ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი, 18 რომ ზეციერი ღმერთისაგან გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გამო, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ. 19 დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი. 20 ამეტყველდა დანიელი და თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. 21 იგი ცვლის დრო-ჟამს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ – ცოდნას. 22 ააშკარავებს ღრმას და დაფარულს. იცის, რა იმალება ბნელში, და ნათელი მასშია დავანებული. 23 ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ. შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; რადგან შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.” 24 ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, ვისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული, მიეახლა მას და ასე უთხრა: „ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს, მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს.” 25 მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი გადმოსახლებულ იუდაელთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი.” 26 მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: „შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი?” 27 მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და გრძნეულებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ. 28 მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე: 29 მეფეო, შენს სარეცელზე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ, და საიდუმლოთა განმცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება. 30 ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ განმიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვარ ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი. 31 აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს. უზარმაზარი იყო ის კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე. საშინელი შესახედავი იყო. 32 ამ კერპს თავი წმიდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და თეძოები – სპილენძისა, 33 წვივები – რკინისა, ფეხები – ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა. 34 შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი. 35 მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეჯახა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. 36 ეს არის სიზმარი. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე. 37 მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. 38 ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენ ხარ ის ოქროს თავი. 39 შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენსაზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება – სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. 40 მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა, ყველაფერს რომ ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც შემმუსვრელ რკინასავით ყოველივე ამას დააქუცმაცებს და შემუსრავს. 41 როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება: მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხასთან შერეული რკინა. 42 როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ – მყიფე. 43 როგორც შენ თიხაში შერეული რკინა დაინახე, ისე შეერევიან ერთმანეთს კაცთა მოდგმის ძალით, მაგრამ ვერ მიეწებებიან ერთმანეთს, როგორც რკინა არ შეერევა თიხას. 44 იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება, 45 რადგან შენ დაინახე, რომ ის ლოდი მთას ხელუკვრელად მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო, დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.” 46 მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. 47 მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა უფალია და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.” 48 მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა. 49 სთხოვა დანიელმა მეფეს და ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.