ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
ისრაელის ნატამალი
წარმართთა ხსნა
11 მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ და ეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. 12 და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.
13 ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. 14 ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა. 15 ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან? 16 თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
17 ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, 18 ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. 19 შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო! 20 კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. 21 ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს. 22 ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები. 23 და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. 24 ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
ისრაელის აღდგენა
25 რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. 26 ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს. 27 ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“ 28 დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის. 29 ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება. 30 ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობით, 31 ისე, ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. 32 ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს. 33 ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! 34 რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? 35 ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს? 36 რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.
COMMENTS