Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
ჯვარცმული ქრისტეს ქადაგება

21 და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, 2 რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა. 3 და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში. 4 და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. 5 რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

გამოცხადება ღვთის სულით

6 ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის, არა სოფლის სიბრძნეს, არც სოფლის მთავართა, წარმავალთა, 7 არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში, დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის, 8 რაც ვერავინ შეიცნო სოფლის მთავართაგან. ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. 9 მაგრამ, როგორც სწერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.“ 10 ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც. 11 ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა. 12 ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული. 13 და ამას ვლაპარაკობთ არა ადმიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განვმარტავთ. 14 აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. 15 ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან არ განისჯება. 16 რადგან ვინ შეიცნო აზრი, რათა ასწავლოს მას? ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი.

თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS