რიცხვნი 30:2
კაცმა რომ უფალს აღთქმა მისცეს ან შეჰფიცოს, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, სიტყვა არ უნდა გატეხოს; ყოველივე, რაც მისი ბაგეებიდან გამოვიდა, უნდა შეასრულოს.
მეორე რჯული 23:21
თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი ასრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა.
მათეს 23:16-22
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს – არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო. უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია – ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო. ბრმანო, რომელი უფრო დიდია – ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს? ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც. ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
მეორე რჯული 6:13
გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
ფსალმუნები 23:3-4
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
იერემია 12:16
და თუ ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან, თუ დაიფიცებენ ჩემი სახელით – ცოცხალია უფალი! – როგორც თვითონ ასწავლეს ჩემს ხალხს ბაყალის დაფიცება, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად.
გამოსვლა 20:7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
მეორე რჯული 5:11
არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
ლევიანნი 6:3-5
ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ან ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი სჩადის და სცოდავს; თუ ასე მოიქცა და დადანაშაულდა, დაე დააბრუნოს მიტაცებული, რაც მიიტაცა, ან გაძარცვული, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა. ნებისმიერი რამ, რისთვისაც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა აანაზღაუროს და მეხუთედიც დაუმატოს იმას, ვისაც ეკუთვნის, მისი დანაშაულის აღიარების დღეს.
ზაქარია 5:3-3
მითხრა: „ეს არის წყევლა, რომელიც მთელი დედამიწის პირზე გადმოვა, ვინაიდან ყოველი ქურდი მოისპობა გრაგნილის ერთ გვერდზე დაწერილის მიხედვით და ყოველი ცრუმოფიცარი მოისპობა გრაგნილის მეორე გვერდზე დაწერილისამებრ. მე მოვავლენ – ამბობს ცაბაოთ უფალი – და შევა მპარავის სახლში და ჩემი სახელის ცრუდ მოფიცარის სახლში, ღამეს გაათევს და მოსპობს მას, მის ხესა და მის ქვას.
გამოსვლა 22:11
დაიფიცოს უფლის წინაშე, რომ ხელი არ გაუწვდია მოყვასის საკუთრებაზე; მიიღებს ფიცს პატრონი და არაფერს ზღავს.
რიცხვნი 5:19
დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
3 მეფეთა 8:31
თუ შესცოდავს კაცი თავის მოყვასს და მოითხოვს მისგან, რომ დაიფიცოს და მოვლენ შენი სამსხვერპლოსა და ამ სახლის წინაშე ფიცის აღსავლენად,
4 მეფეთა 11:4
მეშვიდე წელს გაგზავნა იეჰოიადაყმა და უფლის სახლში მოაყვანინა ქერეთელი ასისთავები და მცველები, აღთქმა დადო მათთან, დააფიცა უფლის სახლში, და აჩვენა მეფის ვაჟი.
იერემია 38:16
ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც სული ჩაგვიდგა, რომ არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელში ჩაგაგდებ, შენს სულს რომ ეძიებენ!”
ეზეკიელი 17:13
შემდეგ აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე, აღთქმა დადო მასთან და ფიცში შეიყვანა; ქვეყნის ძლიერნიც წაიყვანა,
დაბადება 21:22-31
იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ. ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”. და უთხრა აბრაჰამმა: „ვფიცავ!” უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს. უთხრა აბიმელექმა:„არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”. აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი. და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი. ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: „რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?” უპასუხა: „მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
დაბადება 31:44-53
ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”. აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა. და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: „ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან. და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა – გილყადი. თქვა ლაბანმა: „ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი და მიცფა, რადგან თქვა: „დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”. და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის. მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ. აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
იესო ნავეს ძე 6:26
მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
მათეს 26:71-74
და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.
დაბადება 14:22-23
უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, 23 თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
დაბადება 50:24-25
უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „ვკვდები, მაგრამ უსათუოდ გაგიხსენებთ ღმერთი და გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც შეჰფიცა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს”. და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა ღმერთი გაგიხსენებთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”
ფსალმუნები 131:1-5
უფალო, გაიხსენე დავითი და ყოველი ტანჯვა მისი. როგორ შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს: არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს სარეცელზე. არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და თვლემას ჩემს წამწამებს, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისთვის, სამკვიდროს იაკობის ძლიერისთვის.
დაბადება 25:33
უთხრა იაკობმა: „შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
ლევიანნი 5:4
ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით და ეს დაფარული იყო მისგან და მერე გაიგებს, დამნაშავეა იგი ერთ-ერთ მათგანში.
მათეს 14:6-7
ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა.
იაკობი 5:12
პირველ რიგში, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც დედამიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო – ჰო იყოს და არა – არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
მათეს 5:33-37
ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ – არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი; არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
მსგავსი თემები: