ძველი აღთქმა
3 მეფეთა
81 მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი – ისრაელის ძეთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. 2 და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს. 3 და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი. 4 და წაასვენეს უფლის კიდობანი და საკრებულო კარავი და საწმიდარის ყველა ჭურჭელი, რაც კარავში იყო, წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა. 5 მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება კიდობნის წინ მიდიოდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარსა და ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. 6 და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, 7 რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და მის კეტებს, 8 კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მხოლოდ მისი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი. 9 არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა აღთქმა დადო ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. 10 და როცა გამოვიდნენ მღვდლები საწმიდარიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი. 11 და ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი. 12 მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. 13 სახლი აგიშენე სავანედ შენდა, ადგილი შენს სამარადისო სამკვიდრებლად.” 14 პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. 15 და თქვა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და ახლა თავისი ხელით შეასრულა! ის ამბობდა: 16 იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; და ავირჩიე დავითი, რომ ის ყოფილიყო ჩემს ერზე, ისრაელზე.’ 17 გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. 18 და უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: ‘გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. 19 ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ 20 და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ბრძანა უფალმა, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. 21 და მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩვენს მამებთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა”. 22 და დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ცისკენ აღაპყრო ხელები. 23 და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე. შენ ინახავ აღთქმას და სიყვარულს შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 24 შენ შეუსრულე სიტყვა შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს, და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. 25 ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ დაგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარ ჩემს წინაშე.’ 26 ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს რომ უბრძანე. 27 ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ გიტევენ შენ ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაგიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 28 მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური. 29 თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახლი; რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. 30 ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას. ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე – ცათა შინა, – ისმინე და შეგვიწყალე. 31 როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, 32 მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღოს. 33 როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახლს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, 34 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. 35 როცა დაიხურება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, 36 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ; აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის. 37 შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე, თუ სნეულება, 38 ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერის, ისრაელისა, როცა იგრძნობს გასაჭირს თითოეული თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ, 39 შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე, ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული. 40 რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია; 41 უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელის ძეთაგანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო, 42 რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, 43 მოუსმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს, იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე. 44 როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, 45 მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. 46 როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, 47 და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ;’ 48 როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 49 მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე. 50 და მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი, 51 რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან, გამოვიყვანე. 52 თვალღია იყავ შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ერის, ისრაელის, ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ. 53 რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მსახურის, მოსეს, ხელით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო!” 54 როცა დაასრულა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი. 55 იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს: 56 „კურთხეულია უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მსახურის მოსეს პირით რომ ბრძანა. 57 ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამებთან იყო, არ მიგვატოვოს და არ გაგვწიროს. 58 და მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია. 59 იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადდღე აჩენდეს სამართალს მისი მსახურისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის, 60 რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი. 61 იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი შეგონებები.” 62 და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად. 63 და დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამშვიდობო მსხვერპლად შესწირა უფალს. ატფურეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. 64 ამავე დღეს აკურთხა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ. რადგან აღავლინა სრულადდასაწველი, შესწირა ძღვენი და სამშვიდობო მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამშვიდობო ქონებს. 65 და დღესასწაულობდა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი – დიდი კრებული ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე – შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს. 66 და მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი, და დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ერს.