ზაქარია
51 კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. 2 მითხრა: „რას ხედავ?” ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.” 3 მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი. რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად. 4 გამოვიხმე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.” 5 გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.” 6 ვუთხარი: „რა არის-მეთქი?” მითხრა: „ეს საწყაული ჩანს.” და თქვა: „ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.” 7 აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. 8 თქვა: „ეს არის უკეთურება.” და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედ. 9 ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის. 10 ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; „სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?” 11 მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.”