გამოსვლა 23:6
ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
გამოსვლა 23:3
ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
მეორე რჯული 1:17
მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
იგავნი 22:22-23
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან, რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.
გამოსვლა 23:1-2
ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე. უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
გამოსვლა 20:16
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
მეორე რჯული 19:15-21
ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე. თუ გამოვა ცრუ მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას, წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დღეებში იქნებიან; კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა და თუ ცრუა ეს მოწმე და ცილი დასწამა თავის ძმას, ისე მოექეცი მას, როგორც თავად სურდა რომ მოქცეოდა თავის ძმას; ასე აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან. მოისმენენ დანარჩენები, შეშინდებიან და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში. ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
ზაქარია 8:16
ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ – თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში.
მეორე რჯული 17:8-13
თუ შენს ქალაქში ძნელი საქმე გაქვს განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადავო საქმეები, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას. მოიქეცი იმ გადაწყვეტილებისამებრ, რასაც გამოგიცხადებენ იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა და შეასრულე ყველაფერი, რასაც გასწავლიან; მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან; ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ იმ სიტყვიდან, რომელსაც გამოგიცხადებენ. კაცი, რომელიც გაკადნიერდება და არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე მომსახურე მღვდელს ან მსაჯულს, დაე, მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. გაიგონებს მთელი ხალხი, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება.
მეორე რჯული 1:15-18
ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით. მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის. მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ. მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
მეორე რჯული 25:1
„თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
გამოსვლა 18:16
როცა რაიმე საქმე აქვთ, ჩემამდე მოაქვთ და განვსჯი კაცსა და მის მოყვასს შორის, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს”.
გამოსვლა 21:22
თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
იგავნი 25:7-10
რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა. ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი? იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ, თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
იგავნი 29:9
უგუნურ კაცთან მოდავე ბრძენს, ბრაზობს თუ იცინის, არ აქვს მოსვენება.
მათეს 5:25-26
სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
1 კორინთელთა 6:1-8
როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან? ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ? ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს – ყოფით საქმეებს! თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს? მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე. ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას? მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
ამოსი 5:15
ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
ესაია 29:20-21
რადგან გადავა დაუნდობელი და გაქრება აბუჩად ამგდები, მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში. სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს, მახეს რომ უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და ამაოებისკენ ახვევინებენ მართალს.
ამისი 5:7-12
სამართალს აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ! მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი. რომელიც ძლიერს დაქცევით დაატყდება თავს, რომ დაინგრეს ციხე-სიმაგრე. შეიძულეს კარიბჭესთან მამხილებელი და შეიზიზღეს წრფელად მოლაპარაკე. რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ. რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.
2 მეფეთა 15:1-4
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი. ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: „ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”. ეტყოდა აბესალომი: „კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!” ამბობდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
3 მეფეთა 3:16-27
მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე. თქვა ერთმა ქალმა: „ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა. ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”. მეორე ქალმა თქვა: „არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: „არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე. თქვა მეფემ: „ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: „არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო. თქვა მეფემ: „მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი. თქვა მეფემ: „ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”. უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: „ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: „არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!” მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: „ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
4 მეფეთა 6:26-29
გაიარა ისრაელის მეფემ ქალაქის გალავანზე და ერთმა ქალმა შეჰბღავლა: „მიშველე მეფევ, ჩემო ბატონო!” მიუგო მეფემ: „თუ უფალი არ გშველის, მე საიდან გიშველო – კალოდან თუ საწნახელიდან?” ჰკითხა მეფემ: „რა შეგემთხვა?” მიუგო: „ერთმა ქალმა მითხრა: მოდი, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ კი ჩემიო. მოვხარშეთ ჩემი ძე და ვჭამეთ. მეორე დღეს ვუთხარი: ახლა შენი ძე შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი ძე”.
საქმეები 18:12-16
იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს. თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”. როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: „იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის; მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
მათეს 5:25
სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
იგავნი 25:8
ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?