HomeUncategorized

ზაქარია 8

ძველი აღთქმა
ზაქარია

81 იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. 2 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ.’ 3 „ასე ამბობს უფალი: ‘დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში. დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას – წმიდა მთა.’ 4 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო. 5 ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე.’ 6 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია?’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. 7 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან, 8 და მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები ჭეშმარიტებით და სიმართლით.’ 9 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. 10 რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. 11 ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – 12 ‘რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს. და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. 13 და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი.’ 14 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ შევინანე, 15 კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის. ნუ გეშინიათ! 16 აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, 17 ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი,’ – ამბობს უფალი.” 18 იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 19 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად. ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.’ 20 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. 21 ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ. იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწრად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ.” 22 ‘მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწროდ უფლის წინაშე.’ 23 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.’”

თავი მეშვიდე                                                                                                                                           თავი მეცხრე

COMMENTS