ღმერთის დავიწყება ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4:9
მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს

მეორე რჯული 9:7-8
გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, როგორ ანრისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, მუდამ უჯანყდებოდი უფალს. ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.

ესაია 51:12-13
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება? დაგვიწყებია უფალი, შენი გამჩენი, რომელმაც ცა გადაჭიმა და დედამიწა დააფუძნა. გამუდმებით გეშინია მჩაგვრელის რისხვისა, როდესაც განადგურებას გეგმავს. თუმცა სადაა მჩაგვრელის რისხვა?

მეორე რჯული 4:23-31
გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა; რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი – თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი. იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად. ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით. მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი. და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ. მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ. როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას. რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.

4 მეფეთა 17:38
ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;

ესაია 55:6-8
ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი. რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! – ამბობს უფალი;

მეორე რჯული 18:9-13
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს. არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე,

3 მეფეთა 2:1-4
მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა: „მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი. დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ; რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!

მეორე რჯული 6:10-15
როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს – აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, რათა მოგცეს დიდი და კარგი ქალაქები, რომლებიც შენ არ აგიშენებია; და ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, რომლებიც შენ არ აგივსია და ამოკვეთილი ჭები, რომლებიც შენ არ ამოგიკვეთავს, ბაღ-ვენახები და ზეთისხილის ხეები, რომლებიც არ დაგირგავს; და, როცა შეჭამ და გაძღები, გაფრთხილდი, არ დაივიწყო შენი უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი. ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს, ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.

მსაჯული 8:33-34
ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი. აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.

3 მეფეთა 11:4-6
სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული. მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს. ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.

ნეემია 9:16
მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.

მეორე რჯული 9:11-12
ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის დასასრულს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა. მითხრა უფალმა: „ადექი, სასწრაფოდ ჩადი აქედან, რადგან გაიხრწნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან; მალევე გადაუხვიეს ჩემ მიერ ნაბრძანებ გზას: კერპი ჩამოისხეს”.

4 მეფეთა 17:14-17
არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი; უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ; ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.

იერემია 7:22-26
რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისთვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები; მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი. მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ. ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ. მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.

იერემია 3:6-10
მითხრა უფალმა მეფე იოშიას დღეებში: „ნახე, რა გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? ყველა მაღალ მთაზე მიდიოდა და იქ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავობდა. ვამბობდი, ყოველივე ამის ჩადენის შემდეგ მომიბრუნდება-მეთქი! არ მობრუნდა. ეს მისმა მოღალატე დამ – იუდამაც იხილა. დაინახა, რომ განდგომილი ისრაელი მეძავობის გამო გავუშვი და გაყრის წერილი მივეცი, მაინც არ შეშინდა მისი მოღალატე და იუდა, წავიდა და ისიც მეძავობდა. თავისი თავქარიანი მეძავობით შებილწა ეს ქვეყანა, ქვასთან და ხესთან ბილწობდა. მაინც არ მობრუნდა ჩემკენ მთელი გულით იუდა, მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად!” – ამბობს უფალი.

ოსია 4:1-3
ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელის ძენო; რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მცხოვრებლებთან, ვინაიდან არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს. ამის გამო გლოვობს მიწა და ღონემიხდილია ყველა მცხოვრები მასში, ველის ცხოველებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც იღუპებიან.

ოსია 4:10-13
შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო. სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული. ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.

ოსია 5:4
მათი საქმეები არ ანებებენ, რომ თავიანთი ღმერთისკენ მოიქცნენ, რადგან სიძვის სულია მათში და უფალს არ იცნობენ.

ფსალმუნები 9:17
შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.

იობი 8:11-13
ნესტის გარეშე თუ იზრდება ჭილი? უწყლოდ თუ ამოდის ლერწამი? იგი ჯერ ნორჩია და მოუჭრელი, და მაინც ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასევეა ყველას ბილიკები, ვინც ღმერთს ივიწყებს. და უღვთოთა იმედი გაქარწყლდება.

ფსალმუნები 49:22
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და არ გექნებათ ხსნა.

ესაია 65:11-12
თქვენ კი, უფლის დამტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, იღბლის ღმერთს რომ უმზადებთ სუფრას და ბედისწერის ღვთაებას – შეზავებული ღვინის სავსე თასს. მე გადაგცემთ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მოდრეკილნი, რადგან გიხმობდით და არ გამომეხმაურეთ, ვლაპარაკობდი და არ ისმინეთ, ბოროტს ჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მახარებდა, იმას ირჩევდით!

4 მეფეთა 17:7-20
ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს; იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს. ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე. სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ. საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად. ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: „ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!” აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”. არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი; უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ; ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად. ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა. იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა. შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;

ფსალმუნები 77:40-43
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას. კვლავაც სცდიდნენ უფალს და ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმიდას. არ ახსოვდათ მისი ხელი, არც ის დღე, როცა ჩაგვრისგან დაიხსნა ისინი. როცა თავის ნიშნებს ავლენდა ეგვიპტეში და საოცრებებს – ცოყანის ველზე.

ფსალმუნები 105:21-22
დაივიწყეს ღმერთი, მათი მხსნელი, რომელმაც დიადი საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში. საოცრებანი მოიმოქმედა ქამის ქვეყანაში, შიშის მომგვრელი საქმეები წითელ ზღვასთან.

ესაია 1:2-3
ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ. ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.

იერემია 3:19-21
მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან. მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს ქმარს, ისე მიღალატე, ისრაელის სახლო! ამბობს უფალი. მოტიტვლებულ სიმაღლეებზე ისმის ხმა, ისრაელის ძეთა მოთქმა-ვედრება, რადგან გაიუკუღმართეს გზები და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი.

ფსალმუნები 118:61
თუმცა საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტნი, შენს რჯულს არ ვივიწყებ.

ფსალმუნები 77:5-7
რადგან დაუდგინა წესდება იაკობს და დაუდო რჯული ისრაელს, დაუწესა იგი ჩვენს მამებს მათ შვილთათვის საუწყებლად; რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან და გაუცხადონ თავიანთ შვილებს, რომ ღმერთზე უნდა დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ საქმენი ღმრთისა და დაიცვან მისი მცნებანი;

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.