HomeUncategorized

2 მეფეთა 9

ძველი აღთქმა
2 მეფეთა

91 და თქვა დავითმა: „ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისათვის?” 2 და ჰყავდა საულის სახლს მსახური, სახელად ციბა; და დაუძახეს მას დავითთან, და უთხრა მეფემ: „შენა ხარ ციბა?” თქვა: „გახლავარ შენი მსახური.” 3 უთხრა მეფემ: „აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო?” და უთხრა ციბამ მეფეს: „კიდევ ჰყავს ვაჟი იონათანს, ფეხმტკივანი.” 4 და უთხრა მას მეფემ: „სად არის?” და უთხრა ციბამ მეფეს: „აჰა, მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.” 5 და გაგზავნა დავით მეფემ და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის ძის სახლიდან, ლოდებარიდან. 6 მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, და პირქვე დაეცა მის წინაშე, და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: „მეფიბოშეთ!” მიუგო: „გახლავარ შენი მსახური!” 7 და უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, წყალობას გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.” 8 და თაყვანისცა და უთხრა: „ვინ არის შენი მსახური, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?” 9 მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს, და უთხრა: „საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. 10 დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა მას, და აიღეთ მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს.” თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მსახური ჰყავდა ციბას. 11 და უთხრა ციბამ მეფეს: „ყველაფერს შეასრულებს შენი მსახური, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მსახურს.” და ჭამდა მეფიბოშეთი პურს სუფრაზე, როგორც ერთი უფლისწულთაგანი. 12 პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. და მეფიბოშეთის მსახურნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდა. 13 და ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.

თავი მერვე                                                                                                                                                   თავი მეათე

COMMENTS