2 მეფეთა 1

By
მაისი 9, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

11 მესამე დღეს გამოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე მტვერი ეყარა. დავითის წინაშე მისვლისას დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 2 და უთხრა დავითმა: „საიდან მოდიხარ?” უთხრა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.” 3 უთხრა დავითმა: „რა ამბავი მოხდა? მიამბე!” თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანაც დაიხოცნენ.” 4 უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?” 5 თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა; „გილბოაყის მთაზე მოვხვდი შემთხვევით და ვხედავ თავის შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას. 6 და უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. ვუთხარი: გისმენ, ბატონო-მეთქი. 7 მითხრა: ‘ვინ ხარ?’ ვუთხარი: ‘ყამალეკელი ვარ.’ 8 მითხრა: ‘დამადექი და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული.’ 9 და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.” 10 ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. 11 და მოთქვამდენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ. 12 უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „სადაური ხარ?” მიუგო: „ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.” 13 უთხრა მას დავითმა: „როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?” 14 და დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: „აქ მოდი და მოკალი ეს კაცი.” და დაჰკრა და მოკვდა იგი. 15 და უთხრა მას დავითმა: „შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი: ‘მე მოვკალიო უფლის ცხებული.’” 16 ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე. 17 და თქვა, რომ ესწავლათ იუდას ძეთ „მშვილდი”, როგორც სწერია სიმართლის წიგნში: 18 „შენი მშვენება, ისრაელო, შენს მაღლობებზე გაიგმირა! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! 19 ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასეულებმა; არ იზეიმონ წინადაუცვეთელთა ასულებმა. 20 გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცთა ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული! 21 განგმირულთა უსისხლოდ, ვაჟკაცთა უგულ-ღვიძლოდ არ დაბრუნებულა უკან იონათანის ისარი, საულის ხმალი ამაოდ არ დაბრუნებულა! 22 საულ და იონათან! სიცოცხლეში საყვარელნი და სანატრელნი, სიკვდილშიც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი, ლომზე ძლიერები. 23 ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით, და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს. 24 როგორ დაეცნენ ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე. 25 ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი, უფრო მშვენიერი იყო. ვიდრე ქალის სიყვარული. 26 როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!”

1 მეფეთა                                                                                                                                                       თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close