ძველი აღთქმა
2 მეფეთა
2 მეფეთა
211 ქვეყანაში სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დღეებში. და დაეკითხა დავითი უფალს. და უთხრა უფალმა: „საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, გაბაონელნი რომ გაწყვიტა.” 2 და დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელის ძენი, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელის ძეთ შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელის ძეთა და იუდას მიმართ შურის გამო. 3 და უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?” 4 და უთხრეს გაბაონელებმა: „არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მისი სახლისგან. არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში.” და თქვა მეფემ: „რასაც იტყვით, აგისრულდებათ.” 5 და უთხრეს მეფეს: „რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან, 6 ჩაგვაბარე შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის, გიბყაში.” თქვა მეფემ: „ჩაგაბარებთ.” 7 და დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა და უფლის ფიცის გამო, რომელიც დადებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის. 8 და წამოიყვანა მეფემ ორი ძე რიცფასი, აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და წამოიყვანა ხუთი ძე მიქალისა, საულის ასულისა, რომლებიც მან უშვა ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს. 9 და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. და დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერების მკის დასაწყისში. 10 და აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს –დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ ცხოველებს. 11 და შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, აიას ასულმა, საულის ხარჭამ. 12 და მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები გილყადის იაბიშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთ-შანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა საული გილბოაყში. 13 და ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები. და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლები. 14 და დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის, ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, კიშის, მისი მამის, სამარხში. და ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება. 15 და კიდევ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. და ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. და დაიღალა დავითი. 16 მაშინ იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა. 17 და მიეშველა მას აბიშაი, ცერუიას ძე, და დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: „აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.” 18 ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო. 19 კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან, და ელხანანმა, იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გითელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. 20 კიდევ მოხდა ბრძოლა გათში, და იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო. 21 და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა შიმყის ძემ, დავითის ძმისწულმა. 22 ეს ოთხი ეყოლა რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ.