2 მეფეთა
201 და მოხვდა იქ ერთი უგვანი კაცი, სახელად შებაყი, ბიქრის ძე, ბენიამინელი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: „არა გვაქვს წილი დავითთან და არა გვაქვს წილი იესეს ძეში! ყველა თავის კარვებისაკენ, ისრაელიანებო!” 2 და ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს, იორდანედან იერუსალიმამდე. 3 და დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში. და გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩასხა განსაკუთრებულ სახლში დაცვის მიჩენით, და არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. და გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ. 4 და უთხრა მეფემ ყამასას: „სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.” 5 და წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააცილა მისთვის დაწესებულ ვადას. 6 და უთხრა დავითმა აბიშაის: „აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.” 7 და გაჰყვა მას იოაბის ხალხი, და ქერეთელნი და ფელეთელნი და გავიდა ყველა მამაცი იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად. 8 გაბაონში დიდ ქვასთან რომ მივიდნენ, ყამასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით და სიარულისას მიწაზე სცემდა. 9 და უთხრა იოაბმა ყამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?” და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად. 10 და ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისაგან, იოაბს რომ ეჭირა ხელში, და ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია. მკვდარი იყო. და დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს. 11 თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: „ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!” 12 შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან ყამასა მინდორში და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, რომ ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა. 13 და როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ. 14 მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელ-ბეთ-მაყაქამდე. და შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას. 15 და მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთ-მაყაქაში. და აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას. 16 და დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქის კედლიდან: „ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.” 17 და მიუახლოვდა მას იოაბი და თქვა დედაკაცმა: „შენა ხარ იოაბი?” მიუგო: „მე ვარ”, უთხრა: „ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას.” და თქვა: „ყურს ვუგდებ.” 18 უთხრა დედაკაცმა: „ასე იტყოდნენ ძველად: ‘ვისაც კითხვა სურს, აბელში იკითხონ’; და ისე წყვეტდენ საქმეს. 19 მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი [ქალაქი] ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის სამკვიდროს?” 20 და მიუგო იოაბმა და უთხრა: „ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება. 21 აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმი ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცით და დავეხსნები ქალაქს.” და უთხრა დედაკაცმა იოაბს: „კეთილი. გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.” 22 და მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. და მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. და ბუკს ჰკრა თუ არა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან. 23 იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენიაჰუ იეჰოიადაყის ძე – ქერეთელებსა და ფელეთელებს. 24 და ჰადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო, 25 და შევა – მწერალი, და ცადოკი და აბიათარი – მღვდლები. 26 და ყირა იაირელიც მღვდელი იყო დავითთან.