2 მეფეთა 13

By
მაისი 19, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

131 ამის შემდეგ იყო: ჰყავდა აბესალომს, დავითის ძეს, ლამაზი და, სახელად თამარი, და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს. 2 ისე გაუჭირდა ყამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი, და ძნელი იყო ყამნონისთვის, რაიმე გაეკეთებინა მასთან. 3 და ჰყავდა მეგობარი ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყის ძე, დავითის ძმისწული. და ძალზე ცბიერი კაცი იყო იონადაბი. 4 და უთხრა მას: „რა მოგდის, დღითი დღე რომ ხმები, უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: „თამარი მიყვარს, აბესალომის, ჩემი ძმის, და.” 5 და უთხრა იონადაბმა: „ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. და როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ‘ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო.’” 6 და ჩაწვა ყამნონი და თავი მოიავადმყოფა. და მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: „მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.” 7 და გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: „მოდი შენი ძმის, ყამნონის, სახლში და საჭმელი მოუმზადე.” 8 და წავიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის, სახლში. და იწვა იგი. და აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო კვერები. 9 და აიღო ტაფა და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. და თქვა ყამნონმა: „გაიყვანეთ ყველანი!” და გავიდა ყველა. 10 მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: „უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან.” და აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი კვერები და უკანა ოთახში გაუტანა ყამნონს. 11 და როცა მიაწოდა, რომ ეჭამა, ხელი სტაცა ყამნონმა ქალს და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.” 12 უთხრა: „ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს. 13 სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.” 14 არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ყამნონს. და დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან. 15 შესძულდა იგი ყამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. და უთხრა ყამნონმა: „ადე, წადი აქედან.” 16 და უთხრა: „ნუ იზამ, ძმაო, ადრინდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ.” მაგრამ არ უნდოდა ყამნონს მისი მოსმენა. 17 და დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: „გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.” 18 ჭრელი სამოსელი ეცვა ქალს, რადგან ასეთი მოსასხამით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. და გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი. 19 და დაიყარა ნაცარი თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი სამოსელი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა. 20 და უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: „შენი ძმა ყამნონი ხომ არ იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის, გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს.” და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის, სახლში მიტოვებული. 21 და გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და ძლიერ განრისხდა. 22 ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ყამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი. 23 გავიდა ორი წელი და პარსვა ჰქონდა აბესალომს ბაყალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად რომ არის, და ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა. 24 და მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე თავის მსახურებთან ერთად შენს მსახურს.” 25 და უთხრა მეფემ აბესალომს: „არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ.” ჩააცივდა, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა, კურთხევით კი აკურთხა. 26 და თქვა აბესალომმა: „თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ყამნონი წამოვიდეს.” და უთხრა მეფემ: „რისთვის წამოვიდეს?” 27 და ჩააცივდა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები. 28 და უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: „ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ყამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.” 29 და ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ყამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. და წამოიშალნენ უფლისწულები, და შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ. 30 ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მიუვიდა ამბავი დავითს, რომ დახოცა აბესალომმა უფლისწულები და ერთიც არ გადარჩენილა.” 31 და ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე იდგნენ სამოსელშემოხეული მისი მსახურები. 32 და დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა, და უთხრა: „ნუ ფიქრობს, ჩემი ბატონი, რომ ყველა უფლისწული მოკლეს, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. აბესალომის პირით გადაწყდა ეს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ყამნონმა მისი და თამარი. 33 ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწულია მკვდარი, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი.” 34 და გაიქცა აბესალომი. და გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით. 35 და უთხრა იონადაბმა მეფეს: „აჰა, მოდიან უფლისწულები, როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა.” 36 და როცა დასრულდა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, და აუწიეს ხმას და ატირდნენ. და დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც. 37 და გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. და მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს. 38 და გაიქცა აბესალომი გეშურს და დაჰყო იქ სამი წელი. 39 და შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.

თავი მეთორმეტე                                                                                                                             თავი მეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close