HomeUncategorized

2 მეფეთა 3

ძველი აღთქმა
2 მეფეთა

31 და იყო ხანგრძლივი განხეთქილება საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა. 2 და შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში: პირმშო – ყამნონი, იზრეყელელი ახინოყამისაგან, 3 მისი მომდევნო – ქილეაბი, აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისაგან. მესამე – აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა, 4 მეოთხე – ადონია, ხაგითის შვილი, მეხუთე – შეფატია, აბიტალის შვილი, 5 მეექვსე – ითრეამი ეგლასგან – დავითის ცოლისა. ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს. 6 საულის სახლსა და დავითის სახლს შორის განხეთქილებისას აბნერს საულის სახლის მხარე ეჭირა. 7 და ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა აბნერს: „რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?” 8 და ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: „განა მე ძაღლის თავი ვარ? იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის, სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ? 9 ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს, და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქცე, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი: 10 მეფობას წავართმევო საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე.” 11 და სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი. 12 და გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: „ვისია ეს ქვეყანა?” და კიდევ ეთქვათ: „შეკარი კავშირი ჩემთან და აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.” 13 და თქვა: „კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ, ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მიქალი, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.” 14 და გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინადაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.” 15 და გაგზავნა იშბოშეთმა და წამოიყვანა მიქალი ქმრისგან, ფალტიელისგან, ლაიშის ძისგან. 16 და წამოჰყვა ქმარი ქალს და ტირილით მოაცილებდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: „წადი, გაბრუნდი.” და ისიც გაბრუნდა. 17 და დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ, 18 ახლა გააკეთეთ, რადგან უბრძანა უფალმა დავითს: ‘ჩემი მსახურის, დავითის, ხელით უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.’” 19 ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელთაც. და მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის, რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს. 20 და მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. და ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს. 21 და უთხრა აბნერმა დავითს: „წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, ისინი აღთქმას დაგიდებენ და ყველაზე იმეფებ შენს ნებაზე.” და გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით. 22 ამ დროს დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურნი და იოაბი და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით. 23 მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: „მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.” 24 და მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგიშვია და ისიც წასულა თავის ნებაზე. 25 ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი გამოსვლა და შესვლა და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.” 26 და გამოვიდა იოაბი დავითისგან, და კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს. 27 და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოვებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. და მოკვდა ყასაელის, იოაბის ძმის, სისხლის საზღაურად. 28 და როცა გაიგო, მერე დავითმა თქვა: „უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე უკუნისამდე აბნერ ნერის ძის სისხლში. 29 დაატყდეს იგი იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!” 30 ხოლო იოაბმა და აბიშაიმ, მისმა ძმამ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან. 31 და უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელ ხალხს; „შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი.” მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა კუბოს. 32 დამარხეს აბნერი ხებრონში და ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი. 33 და იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა: „განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი? 34 დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან.” და კიდევ უფრო მეტად ატირდა ხალხი. 35 ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდა დავითს. იფიცეავდა დავითი და ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.” 36 და მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა. 37 და გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელობაში. 38 და უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში? 39 მე დღეს ჯერაც სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან: მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!”

თავი მეორე                                                                                                                                              თავი მეოთხე

COMMENTS