2 მეფეთა
191 და შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო. 2 და გლოვად გადაექცა იმ დღის გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე. 3 და ფარულად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი. 4 და დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, შვილო!” 5 და მივიდა იაობი მეფესთან სახლში და უთხრა: „სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მსახურნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები. 6 შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია. დღეს აჩვენე, რომ არაფერს ნიშნავენ შენთვის სარდალნი და მსახურნი. ახლა ვიცი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით, 7 ახლა ადექი და გადი, გაამხნევე შენი მსახურნი, რადგან, თუ არ გახვედი, უფალს ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.” 8 და ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. და აუწყეს მთელს ხალხს: „აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე.” და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელიანები თავ-თავის კარვებში გაიქცა. 9 ასე განსჯიდა მთელი ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს. 10 ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ, ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?” 11 მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს – მღვდლებს: „ასე უთხარით იუდას უხუცესებს: ‘რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა მთელი ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში? 12 ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?’ 13 ყამასას უთხარით: ‘განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.’” 14 ერთი კაცივით გადახარა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: „დაბრუნდი ყველა შენს მსახურთან ერთად.” 15 და დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, რომ მიგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე. 16 შიმყი, გერას ძე, ბენიამინელი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად. 17 თან ახლდა ათასი ბენიამინიელი კაცი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური, თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურითურთ, და გადმოლახეს იორდანე მეფის თვალწინ. 18 და გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. და როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე. 19 და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმს ტოვებდა მეფე-ბატონი, და გულში ნუ ჩაიდებ ამას, მეფევ, 20 რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.” 21 და მიუგო აბიშაიმ ცერუიას ძემ და თქვა: „ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?” 22 და თქვა დავითმა: „რა საქმე მაქვს თქვენთან, ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგახართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?” 23 და უთხრა მეფემ შიმყის:„არ მოკვდები.” და შეჰფიცა მას მეფემ. 24 და ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში დაუვარცხნია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე. 25 და როცა გავიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: „რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?” 26 და თქვა: „მეფევ აბტონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა; ეუბნებოდა შენი მსახური: სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური. 27 და ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან. მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს! 28 განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მსახური. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?” 29 და უთხრა მეფემ: „რიღისთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები.” 30 და უთხრა მეფეს: „ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.” 31 ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა. 32 ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო. 33 და უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.” 34 და უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „კიდევ რამდენია ჩემი სიცოცხლის დღენი, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს? 35 ოთხმოცი წლისა ვარ ახლა, განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს? 36 კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მსახური იორდანეს გაღმა. ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე? 37 უკან დააბრუნე შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მსახური ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს და მოექეცი, როგორც გენებოს.” 38 უთხრა მეფემ: „წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება, რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.” 39 და გავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, და გადავიდა მეფეც. და გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში. 40 და გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარი აცილებდა მეფეს. 41 და აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: „რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?” 42 მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა ჩვენ მეფე გვარჩენს, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?” 43 და მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: „ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დამამცირე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად?” ისრაელზე უფრო მტკიცედ ლაპარაკობდა იუდა.