2 მეფეთა
121 და მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი, და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი; 2 მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, 3 ღარიბს არაფერი გააჩნდა ერთი ბატკნის გარდა, რომელიც პატარა ჰყავდა ნაყიდი, და კვებავდა და ზრდიდა თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, და თავისი ქალიშვილივით ჰყავდა. 4 და ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, და წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.” 5 დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: „უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! 6 ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.” 7 და უთხრა ნათანმა დავითს: „შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე გცხე მეფედ ისრაელზე, მე დაგიხსენი საულის ხელიდან, 8 მე მოგეცი შენი ბატონის სახლი და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენს წიაღში, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და, თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებდი. 9 რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი, ხოლო იგი ყამონის ძეთა მახვილით მოჰკალი. 10 ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.’ 11 ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან; 12 თუმცა შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამას,’” 13 და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს”. და უთხრა ნათანმა დავითს: „უფალმაც მოგიტევა შენი ცოდვა, არ მოკვდები. 14 ოღონდ, რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.” 15 და წავიდა ნათანი თავის სახლში და შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. 16 და ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, და მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს განმარტოებული. 17 და დაადგნენ თავზე მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. 18 მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ვერ გაბედეს დავითის მსახურებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.” 19 და დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მსახურნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და უთხრა დავითმა თავის მსახურთ: „მოკვდა ბავშვი?” უთხრეს: „მოკვდა.” 20 და ადგა მიწიდან დავითი, და დაიბანა, და ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, და წავიდა უფლის სახლში და თაყვანისცა. და დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, და მიართვეს და შეჭამა. 21 უთხრეს მისმა მსახურებმა: „ეს რა იყო, რომ გააკეთე, ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე?” 22 თქვა დავითმა: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი. ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი. 23 ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.” 24 და ანუგეშა დავითმა ბათ-შებაყი, თავისი ცოლი, და შევიდა და დაწვა მასთან. და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა. 25 და გამოუგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა უფლის სახელით იედიდია. 26 ებრძოდა იოაბი ყამონის ძეთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი. 27 და გამოუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შემოუთვალა: „ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევი. 28 ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.” 29 და შეკრიბა დავითმა ხალხი, და წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო. 30 და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ქანქარის წონისა, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. 31 და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, და სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონის ძეთა ყველა ქალაქს. და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.