2 მეფეთა 2

By
მაისი 9, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა
2
1 ამ ამბების შემდეგ დაეკითხა უფალს დავითი: „შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში?” და უთხრა უფალმა: „შედი.” თქვა დავითმა: „სად შევიდე?” თქვა: „ხებრონში.” 2 და შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ნაბალის ქვრივი, ქარმელელი. 3 და თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ და დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში. 4 მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს, რომ გილყადის იაბიშელებს უკვე დაუმარხავთ საული. 5 და გაგზავნა მოციქულები დავითმა გილყადის იაბიშელებთან და შეუთვალა მათ: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს და დამარხეთ იგი. 6 უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქენ რომ გააკეთეთ. 7 ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მკვდარია თქვენი პატრონი საული და მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.” 8 ხოლო აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, და გადაიყვანა მახანაიმში 9 და გაამეფა გილყადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და მთელს ისრაელზე. 10 ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე, და მხოლოდ ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს. 11 და იყო დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე შვიდი წელი და ექვსი თვე. 12 და გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის, მსახურნი მახანაიმიდან გაბაონისკენ. 13 ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მსახურნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი – მეორე ნაპირზე. 14 და უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე.” მიუგო: იობმა: „გამოვიდნენ!” 15 და ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მსახურთა მხრიდან. 16 და ჩასჭიდეს ერთიმეორეს ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. და ეწოდა ამ ადგილს სახელად ხელკათჰაცურიმ, რომელიც გაბაონშია. 17 და გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივდნენ დავითის მსახურთაგან აბნერი და ისრაელის ძენი. 18 იქ იმყოფებოდა ცერუიას სამი ვაჟი – იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი მინდორში. 19 და გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, აბნერის კვალს მისდევდა. 20 და უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: „ყასაელი ხარ?” და თქვა: „მე ვარ.” 21 და უთხრა აბნერმა: „გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი.” და არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას. 22 და კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: „გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას, იოაბს?” 23 არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. და იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. და ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა. 24 ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. და მზის ჩასვლისას ამას ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ არის, გაბაონის უდაბნოს გზაზე. 25 და შეიყარნენ ბენიამინის ძენი აბნერთან, და შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის თავზე დადგნენ. 26 და გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: „მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?” 27 და უთხრა იოაბმა: „ღმერთია მოწამე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.” 28 და ჩაბერა საყვირს იოაბმა და შედგა ხალხი, და აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს. 29 აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ყარაბაზე, და გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს. 30 და იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. და დავითის მსახურთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი. 31 ხოლო დავითის მსახურებმა ბენიამინის ძეთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი. 32 და წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში. და იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.

თავი პირველი                                                                                                                                             თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close