ეზრა 21:2-3
„ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია. ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
ეზრა 6:3-5
მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე – სამოცი წყრთა; სამი წყება ლოდებისგან იყოს და ერთი წყება ახალი ძელებისგან; საფასურს მეფის სასახლე გადაიხდის. აგრეთვე ღვთის სასახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში და ღმერთის სახლში მოთავსდეს.
ეზრა 3:10-11
საძირკველი რომ ჩაუყარეს უფლის ტაძარს მშენებლებმა, მღვდლები დააყენეს საყვირებით, თავიანთი სამოსით შემოსილნი და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა დავითის, ისრაელის მეფის, წესისამებრ ედიდებინათ უფალი. აქებდნენ და ემადლიერებოდნენ უფალს. ამბობდნენ: „რადგან კეთილია იგი და უკუნისამდეა მისი წყალობა ისრაელზე!” ყიჟინას სცემდა მთელი ხალხი და მაღალი ხმით აქებდა უფალს, ღმერთის სახლის დაფუძნების გამო.
ეზრა 4:24
მაშინ შეჩერდა ღვთის სახლის მშენებლობა იერუსალიმში და შეჩერდა დარიოსის, სპარსეთის მეფის მეფობის მეორე წლამდე.
ეზრა 5:2-5
მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ. მაშინ იყო, რომ მივიდნენ მათთან თათენაი, მდინარის გაღმელი მთავარი და შეთარ-ბოზნაი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?” მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აშენებდა. მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
ეზრა 5:8
დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.
ეზრა 6:14-15
აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას – სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ. დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
ეზრა 1:4
გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ გადასახლებულები ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
ნეემია 6:10
ამის შემდეგ შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის სახლში შევედი, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი და მითხრა: „ღვთის სახლში წავიდეთ, ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად”.
დანიელი 8:14
მან მითხრა: „ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”.
ზაქარია 6:12
ეტყვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, მორჩია მისი სახელი. თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.
ზაქარია 6:13
ის ააშენებს უფლის ტაძარს და ატარებს სამეფო დიდებას! დაჯდება ტახტზე, იმეფებს და მღვდლობასაც გასწევს თავის ტახტზე! ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება ეს ორი მსახურება.
ზაქარია 6:15
მოვლენ შორეულნი და ააშენებენ უფლის ტაძარს. მაშინ მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა თქვენთან. ეს აღსრულდება, თუ ყურადღებით მოისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას.
ზაქარია 8:9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაიმაგრეთ ხელები, ვისაც გესმით ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ეს სიტყვები, ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების დღეს რომ წინასწარმეტყველებდნენ, რათა აშენებულიყო ტაძარი.
იოანეს 2:19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”.
მათეს 26:61
და თქვეს: „ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
მარკოზის 14:58
გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო.
მარკოზის 15:29
გამვლელები თავებს აქნევდნენ, გმობდნენ და ამბობდნენ: “ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო!