ძველი აღთქმა
ნეემია
ნეემია
61 და როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და დანარჩენმა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და არ დარჩენილა მასში ბზარი, – თუმცა იმ ხანად კარებები არ მქონდა ჩაყენებული კარიბჭეებში, 2 სანბალატმა და გეშემმა მომიგზავნეს მსახური და შემომითვალეს: „წამო, ონოს ხეობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ.” განზრახული ჰქონდათ ჩემთვის ბოროტი შეემთხვიათ. 3 მაგრამ მე მოციქულები გავუგზავნე და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვაკეთებ და ვერ ჩამოვალ. რად უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ?” 4 და ოთხჯერ მომიგზავნეს ამ სიტყვით და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე. 5 და ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. 6 და ეწერა მასში: „ხალხებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული, ამისათვის აშენებ კედელს. და შენ მათი მეფე იქნები, ამავე ხმების თანახმად. 7 და წინასწარმეტყველნიც დაგიყენებია, რათა იერუსალიმში იქადაგონ შენზე და თქვან: ‘მეფეა იუდაში!’ და ახლა მეფის ყურამდე მივა ეს ხმები. ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ.” 8 გავუგზავნე მსახური და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც შენ ამბობ, არ ყოფილა, რადგან შენი ჭკუიდან ჩმახავ მაგას!” 9 ყველანი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, ფიქრობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვერ დაასრულებენო. მაგრამ ახლა უფრო განვამტკიცე ჩემი ხელები! 10 შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.” 11 და ვუთხარი: „ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? განა ჩემისთანა კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში შევა? არ შევალ!” 12 მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. 13 მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, იმგვარად მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ. 14 გაიხსენე, ღმერთო ჩემო, ტობია და სანბალატი მათი საქმეებისამებრ; და აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომელთაც ჩემი დაშინება სურდათ. 15 და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – ორმოცდათორმეტ დღეში. 16 ეს რომ ყველა ჩვენმა მტერმა გაიგო და ყველა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ხალხმა დაინახა, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ღვთის შეწევნით გაკეთდა ეს საქმე. 17 იმავე დღეებში იუდას დიდებულთა მრავალი წერილი მისდიოდა ტობიას და მისი წერილები მათ მისდიოდათ. 18 რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო და მის ძეს, იოხანანს, ცოლად ჰყავდა მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული. 19 და მის კეთილ საქმეებზე ჩემს წინაშე ლაპარაკობდნენ. ჩემი სიტყვები მასთან მიჰქონდათ, ტობია კი წერილებს მიგზავნიდა დასაშინებლად.
COMMENTS