HomeUncategorized

დანიელი 8

ძველი აღთქმა
დანიელი

81 მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა. 2 ვხედავდი ხილვაში და ჩემს ხილვაში სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ყელამის ქვეყანაში რომ არის. დავინახე ხილვაში, რომ მდინარე ულაის პირას ვიდექი. 3 თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას, ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი. ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა. 4 დავინახე, ეს ერკემალი ირქინებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ. წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისგან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და იზრდებოდა. 5 როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა. 6 მოვიდა იგი იმ ორრქიან ერკემალთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და თავისი ძალის მრისხანებით მიეჭრა მას. 7 დავინახე, იგი მიუახლოვდა ერკემალს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინაღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან. 8 მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი საჩინო რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. 9 ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. 10 იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გაქელა ისინი. 11 იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდარის ადგილი. 12 მხედრობა მიცემულ იქნა მუდმივ მსხვერპლთან ერთად დანაშაულის გამო და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და მოქმედებდა და წარემართებოდა. 13 გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ლაპარაკობდა: „როდემდე გასტანს ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლზე და გატიალების დანაშაულზე, საწმიდარზე და მხედრობაზე, რომელიც უნდა გაიქელოს?” 14 მითხრა: „ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანს და ამის შემდეგ აღდგება საწმიდარი.” 15 როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, ჩემს წინ ვიღაც იდგა, კაცის იერის მქონე. 16 და შემომესმა კაცის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!” 17 და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.” 18 რომ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა. 19 და მითხრა: „აჰა, გამცნებ, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება. 20 ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია, 21 ხოლო ის ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. 22 ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა – ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ. 23 მათი სამეფოს აღსასრულისას, როდესაც დამნაშავენი თავისას აღასრულებენ, აღდგება წინდაუხედავი და ორპირობაში გაწაფული. 24 განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. საკვირვლად გაანადგურებს და წარემართება და იმოქმედებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმიდათა ერს. 25 და თავისი მზაკვრობის მეშვეობით სიცრუეს წარმატებას მიაღწევინებს მის ხელში. განდიდდება იგი თავის გულში და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით. 26 ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელზეც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.” 27 მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და მეფის საქმეებს შევუდექი. გაკვირვებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერას მივმხვდარიყავი.

თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

COMMENTS