ძველი აღთქმა
ეზრა
51 და წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით წინასწარმეტყველნი: ანგია და ზაქარია, ყიდოს ძე, იუდაელებზე, რომელნიც იუდასა და იერუსალიმში ცხოვრობდნენ. 2 მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იესო იეჰოცადაკის ძე, და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში. და მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი, რომელნიც მხარს უჭერდნენ მათ. 3 იმ ხანად მოვიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, და შეთარ-ბოზნაი, და მათი თანამოაზრენი და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ბრძანება ამ სახლის აშენებისა და ამ კედლების გასრულებისა?” 4 მაშინ ვუთხარით მათ იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებდნენ. 5 და მათი ღვთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, და არ შეუწყვეტიათ სამუშაო, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და საპასუხო წერილი არ მიიღეს ამ საქმეზე. 6 აჰა, პირი იმ წერილისა, რომელიც მეფე დარიოსს გაუგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა და შეთარ-ბოზნაიმ და მისმა თანამოაზრეებმა, აფარსახელებმა, რომელნიც მდინარის გაღმა იყვნენ. 7 დაბეზღება გაუგზავნეს მას, რომელშიც ასე ეწერა: „მეფე დარიოსს სრული მშვიდობა! 8 იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. იგი შენდება დიდრონი ქვებისაგან, კედლებში ძელებს ატანენ, მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით მათ ხელში. 9 მაშინ ვკითხეთ მათ უხუცესებს და ვუთხარით ასე: ‘ვინ მოგცათ თქვენ ბრძანება ამ ტაძრის შენებისა და ამ კედლების აგებისა?’ 10 და გამოვიკითხეთ მათი სახელები, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელებიც, რომელნიც სათავეში უდგანან მათ. 11 მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ‘ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა; თავიდან ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა, და ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა იგი. 12 მაგრამ, რაც ჩვენმა მამებმა განარისხეს ცათა ღმერთი, მან ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს ტაძარი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა. 13 მაგრამ კიროსის ბაბილონის მეფის, მეფობის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა ბრძანება ღვთის სახლის ასაშენებლად. 14 და ღვთის სახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რაც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და წაიღო ბაბილონის ტაძარში, უკან გამოიტანა კიროს მეფემ და გადასცა იგი შეშბაცარს, რომელიც განმგებლად ჰყავდა დანიშნული. 15 და უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი, წადი და წაიღე იერუსალიმის ტაძარში, და აშენდეს ღვთის სახლი თავის ადგილზეო. 16 მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; და იმ დროიდან მოკიდებული აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ გასრულებულა.’ 17 და ახლა, თუ მეფე ინებებს, მოჩხრიკონ მეფის საგანძური იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში. მეფემ გამოგვიგზავნოს გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე. ამის შესახებ წარმოიგზავნოს ჩვენთან.”
COMMENTS