HomeUncategorized

ეზრა 4

ძველი აღთქმა
ეზრა
41 და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს, 2 და მივიდნენ ზერუბაბელთან და მამის სახლთა თავკაცებთან, და უთხრეს მათ: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა ჩვენ.” 3 და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „არ იქნება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ღმერთის სახლი; რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსთა მეფეს.” 4 და იმ ქვეყნის ხალხი ხელს უშლიდა იუდას ხალხს და აფრთხობდნენ მათ შენებისაგან. 5 და ქირაობდნენ მათ წინააღმდეგ მრჩევლებს, რათა ჩაეფუშათ მათი განზრახვა სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის მთელ დღეებში, სპარსეთის მეფის, დარიოსის გამეფებამდე. 6 და ახაშვეროშის მეფობაში, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე. 7 და ართახშასთას დღეებში მისწერეს ართახშასთას, სპარსეთის მეფეს, ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და სხვა მათმა თანამზრახველებმა. წერილი დაწერილი იყო არამეული ასოებით არამეულ ენაზე. 8 რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწერალმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას ასეთი წერილი მისწერეს: 9 „და დაწერეს რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწერალმა, და სხვა მათმა თანამოაზრეებმა, მსაჯულებმა, განმგებლებმა, სპარსელმა მოხელეებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, ანუ ყელამელებმა 10 და დანარჩენმა ხალხმა, რომელნიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში და სხვა ადგილებში მდინარის გაღმა” და სხვა. . 11 აჰა, პირი ამ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: „ართახშასთა მეფეს, შენი მსახურნი, მდინარის გაღმელნი” და სხვა. 12 იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც ამოვიდნენ შენგან, მოვიდნენ ჩვენთან, იერუსალიმს, და აშენებენ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს; და კედლებს ასრულებენ და ბურჯებს ამაგრებენ. 13 ახლა იცოდეს მეფემ, თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება. 14 და ახლა, რაკი ჩვენ სასახლის მარილსა ვჭამთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ ვაგზავნით წერილს და ვატყობინებთ მეფეს: 15 მოჩხრიკონ შენი მამების მატიანეში და შენ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია, საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისათვის; რომ ძველთაგანვე ამბოხება ხდებოდა იქ, ამისათვის იყო ეს ქალაქი დანგრეული. 16 ვატყობინებთ ჩვენს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ მდინარის გაღმა წილი აღარ დაგრჩება!” 17 პასუხი გამოუგზავნა მეფემ რეხუმ მმართველსა და შიმშაი მწერალს და მათ სხვა თანამოაზრეთ, რომლებიც ცხოვრობდნენ სამარიაში და დანარჩენი მდინარის გაღმა მხარეში: „მშვიდობა!” და ასე და ასე. 18 „წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, წაკითხულ და თარგმნილ იქნა ჩემს წინაშე. 19 და ჩემს მიერ გაიცა ბრძანება, და გამოჩხრიკეს და აღმოაჩინეს რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და ამბოხება და არეულობა ხდებოდა იქ. 20 და ძლიერი მეფენი განაგებდნენ იერუსალიმს, და ეპყრათ მათ მდინარის მთელი გაღმა მხარე და გადასახადი, ხარკი და ბეგარა გაიღებოდა მათგან. 21 და ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება. 22 და ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რად უნდა გამრავლდეს ზარალი მეფის საზიანოდ?” 23 როგორც კი მეფე ართახშასთას წერილის პირი წაკითხულ იქნა რეხუმის და შიმშაი მწერლისა და მათ თანამოაზრეთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და იძულებით შეაწყვეტინეს მუშაობა. 24 მაშინ შეწყდა ღვთის სახლის სამუშაო იერუსალიმში და შეწყვეტილი იყო დარიოსის, სპარსეთის მეფის, მეფობის მეორე წლამდე.
თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

COMMENTS