HomeUncategorized

ეზრა 6

ძველი აღთქმა
ეზრა
61 მაშინ დარიოს მეფემ გასცა ბრძანება და მოჩხრიკეს წიგნთსაცავები ბაბილონში, სადაც საგანძური ინახებოდა. 2 და იპოვეს ახმეთაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ასე ეწერა: ძეგლისწერა – 3 მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს მეფე კიროსმა გასცა განკარგულება: ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს ტაძარი იმ ადგილზე, სადაც შეიწირება მსხვერპლი; და მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს. სიმაღლე მისი სამოცი წყრთა იყოს, სიგანე მისი – სამოცი წყრთა; 4 სამი წყება დიდრონი ქვებისაგან იყოს, და ერთი წყება – ძელებისაგან; და ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს. 5 ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს. 6 და ახლა, თათნაი – მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო აფარსახელნო, დაეხსენით მათ! 7 დაანებეთ ღვთის სახლზე მუშაობა! იუდას განმგებელმა და იუდაელთა უხუცესებმა ააშენონ ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე. 8 და ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს, ღვთის სახლის ასაგებად: სამეფო ხაზინიდან მდინარისგაღმის მხარის შემოსავლიდან დაუყოვნებლივ მიეცეს იმ ხალხს სახარჯოდ. 9 და რაც საჭიროა, ხბორები, ვერძები თუ კრავები ცათა ღმერთისათვის სრულადდასაწველის აღსავლენად; ხორბლეული, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც იერუსალიმის მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუფერხებლად, 10 რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების სიცოცხლისათვის. 11 და ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე შეცვლის ამ ბრძანებას, გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო. 12 და ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად, ან ამ ღვთის სახლის დასაზიანებლად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსი, ვიძლევი ბრძანებას: ზედმიწევნით შესრულდეს! 13 მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვისამებრ, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს. 14 და იუდას უხუცესნი აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ და კიროსის, დარიოსის და ართახშასთას – სპარსეთის მეფეების, განკარგულებისამებრ. 15 და დასრულდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს; ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი. 16 და ისრაელის ძეთ, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა სიხარულით აღასრულეს ღვთის სახლის სატფურება. 17 და შესწირეს ღვთის ამ სახლის სატფურებისათვის ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი – მთელი ისრაელის ცოდვათა განსატევებლად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით. 18 და დააყენეს მღვდლები თავიანთი ხარისხების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისათვის იერუსალიმში, როგორც სწერია მოსეს წიგნში. 19 და აღასრულა გადანასახლებმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. 20 რადგან განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ, და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა გადანასახლები ხალხისათვის, თავიანთი მოძმე მღვდლებისათვის და თავიანთთვის. 21 და ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეთ და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხის ბიწიერებას, რათა შეერთებოდნენ მათ, უფლის, ისრაელის ღმერთის, საძებნელად. 22 და იზეიმეს უფუარობის დღესასწაული შვიდი დღე, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რათა ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, საქმეში.
თავი მეხუთე                                                                                                                                       თავი მეშვიდე

COMMENTS