იაკობის 3:13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
ლუკას 3:8-9
მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
მათეს 7:15-20
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
მათეს 12:33
ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
იოანეს 15:16
თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
რომაელთა 7:4-5
ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
ტიტეს 3:14
ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
იაკობის 2:14-26
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა! თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია? განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა; და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”. ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.
გალატელთა 5:22-25
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
ეფესელთა 5:8-9
ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით, რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
კოლოსელთა 1:9-10
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
რომაელთა 8:5-6
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
ფილიპელთა 1:9-11
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში. რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
იაკობის 3:17
ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
ლუკას 8:15
კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
მათეს 13:23
ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
იოანეს 12:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
რომაელთა 8:13-14
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
ეფესელთა 4:22-24
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება, და განიახლოთ თქვენი გონება სულით, და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
კოლოსელთა 3:5-10
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე. ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად, და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
გალატელთა 6:7-8
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
რომაელთა 6:11-14
თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.
კოლოსელთა 3:12-15
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს. და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი; და იყავით მადლიერნი.
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
2 პეტრეს 1:5-8
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული. ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.
1 იოანეს 3:18
შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
იოანეს 15:1-5
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
ებრაელთა 12:10-11
ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი – ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.