Homeებრაელთა მიმართ

ებრაელთა 12

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი ებრაელთა მიმართ
უფლის წვრთნა

121 ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულადძაბუნებულნი.
ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგანაც ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასათვის საზიაროა, მაშინ თქვენ ანბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10 ისინი გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენი სარგებლობისათის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში. 11 ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.
12 აბა, გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები. 13 მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.

გაფრთხილება ღვთის მადლის უარყოფის წინააღმდეგ

14 ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. 15 გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. 16 რათა არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოობაზე. 17 თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.
18 თქვენ არ მიახლოვებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, არც ბნელსა და წყვდიადს ან ქარიშხალს, 19 არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა, 20 ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ნაბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“ 21 იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ“. 22 მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს, 23 კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და გასრულებულ მართალთა სულებს, 24 და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
25 ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყანად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს, 26 რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელმაც ახლა მოგვცა ასეთი აღთქმა: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც“. 27 ეს „კიდევ ერთხელ“ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია. 28 ამიტომ ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით. 29 რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია.

თავი მეთერთმეტე                                                                                                                              თავი მეცამეტე

COMMENTS