Homeბიბლიაახალი აღთქმა

იაკობის 2

ახალი აღთქმა        
იაკობ მოციქულის წერილი
გაფრთხილება მიკერძოების წინააღმდეგ

21 ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა. 2 რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: ,,აქ დაბრძანდი კარგად.“ ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი, ანდა: აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო, განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
   5 ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ არჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? 8 თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგს შვრებით. მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას სჩადიხართ, რჯული გამხილებთ, როგორც რჯულის დამრღვევთ. 10 რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. 11 რადგან მთქმელმა: ,,არ იმრუშო!“ ესეც თქვა: ,,არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხდები.  12 ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა. 13 რადგან, უწყალო მსჯავრი — უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.


რწმენა და საქმეები


14 
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? 15 თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,  16 რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: ,,მშვიდობით იარე, გათბი და იზარდეო,“ სხეულის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? 17 ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
   18 მაგრამ იტყვის ვინმე: ,,შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.“ 19 შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. 20 გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? 21 განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? 22 ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. 23 აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ,,და ერწმუნა აბრაამი ღმერთს.“ ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. 24 თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. 25 ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა? 26 რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე 

COMMENTS