Home1იოანეს

1 იოანეს 3

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის პირველი წერილი

31 ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. 7 შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. 8 ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. 9 ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. 10 ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.


ერთმანეთის სიყვარული

11 რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12 ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერე და რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. 13 ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს. 14 ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. 15 ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცის მკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია. 16 ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის. 17 ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? 18 ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

ღმერთზე მინდობა

19 ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს. 20 ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. 21 საყვარელნო! თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს,  კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ. 22 რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს. 23 ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გადმოგვცა მცნება. 24 მისი მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი – მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.

თავი მეორე                                                                                                                                             თავი მეოთხე

COMMENTS