Homeბიბლიაახალი აღთქმა

ეფესელთა 5

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი ეფესელთა მიმართ

51 მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. 4 ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.

იარეთ, როგორც ნათლის შვილებმა

არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8 ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის  ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. 10 გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. 11 ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმებს, არამედ ამხილეთ. 12 ვინაიდან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. 13 და მაინც, მხილებული ნათლით მჟღავნდება, 14 ვინაიდან ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია, ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
   15 მაშ, ფრთხილად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 16 მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. 17 მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება. 18 ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. 19 ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. 20 მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

ცოლები და ქმრები

21 დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. 22 ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. 23 ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. 24 მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში. 25 მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26 რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. 27 რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. 28 ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. 29 ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. 30 იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31 ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. 32 დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. 33 ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.

თავი მეოთხე                                                                                                                                           თავი მეექვსე

COMMENTS