სიმართლის ნაყოფები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 1:1-3
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნები 14:1-2
უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.

ფსალმუნები 23:3-5
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, ის მიიღებს კურთხევას უფლისგან და გამართლებას თავისი მხსნელი ღმერთისგან.

ფსალმუნები 100:3-4
უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები. მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტებას არ მინდა ვცნობდე.

ფსალმუნები 105:3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.

ფსალმუნები 111:6-8
უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა. ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი. მტკიცეა მისი გული; არ შეშინდება და ბოლოს გამარჯვებით დახედავს თავის მტრებს.

იგავნი 2:6-7
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გონიერება. სიბრძნეს უნახავს მართლებს, ფარია იგი უბიწოდ მოარულთათვის,

იგავნი 2:20
შენ კი კეთილთა გზით იარე და მართალთა ბილიკებზე იფხიზლე,

იგავნი 10:2
სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.

იგავნი 11:5-6
უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა. წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.

იგავნი 11:18-19
უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს. სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.

იგავნი 11:30
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.

იგავნი 12:28
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა; სიკვდილი არ არის მის ბილიკებზე.

იგავნი 13:6
უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.

იგავნი 14:34
სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.

ესაია 32:17
სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.

ესაია 33:15-16
ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე. სიმაღლეებში დაბინავდება იგი; უმტკიცესი კლდეა მისი საყრდენი, თავისი პური მიეცემა და თავისი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

დანიელი 12:3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი – ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

ოსია 10:12
სიმართლეში თესეთ თქვენთვის და მოიმკეთ წყალობაში. გატეხეთ თქვენი ყამირი, რადგან უფლის მოძიების ჟამია, სანამ მოვა და გაწვიმებთ სიმართლეს.

მალაქია 4:2
და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.

მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

მათეს 12:35
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

რომაელთა 6:19-22
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად. რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.

რომაელთა 14:17-18
ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები – ადამიანთათვის.

ეფესელთა 5:9
რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;