HomeUncategorized

დანიელი 12

ძველი აღთქმა
დანიელი

121 იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველად მდგომი. ისეთი ვაების დრო მოვა, ხალხის არსებობიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. 2 და მრავალი მიწის მტვერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის. 3 განბრძნობილნი განათდებიან, როგორც ცის მყარის ნათება და მრავალთა სამართლისკენ მომაქცეველნი – როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე. 4 შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა.” 5 მაშინ მე, დანიელმა, გავიხედე და აჰა, ჩემს წინ ორი სხვა იდგა: ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. 6 უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლების ზევით რომ იდგა: „როდის იქნება ამ საკვირველებათა ბოლო?” 7 მოვუსმინე სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლების ზევით რომ იდგა. ზეცისკენ აღაპყრო მან მარჯვენა და მარცხენა და დაიფიცა მარადცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დათქმული ჟამისა და ჟამის ნახევრისთვის. და როდესაც გათავდება წმიდა ერის ძალის მუსვრა, ყოველივე ეს აღსრულდება. 8 მოვისმინე, მაგრამ ვერ მივხვდი და ვუთხარი: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?” 9 თქვა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები დაფარული და დაბეჭდილია ბოლო ჟამამდე. 10 მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა. ხოლო უკეთურნი იუკეთურებენ და ვერც ერთი უკეთური ვერ მიხვდება, ხოლო განბრძნობილნი მიხვდებიან. 11 მუდმივი მსხვერპლის გაუქმებისა და გატიალების სიბილწის დადგომიდან ათას ორას ოთხმოცდაათი დღე გავა. 12 ნეტარია მომლოდინე და მიმღწევი ათას სამას ოცდათხუთმეტი დღისა! 13 შენ კი გასწიე შენი აღსასრულისაკენ. განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა აღსასრულისას.”

თავი მეთერთმეტე                                                                                                                                               ოსია

COMMENTS