სატყუარა – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 22:16
თუ კაცმა შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არ იყო, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.

მეორე რჯული 11:16
მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და რომ არ გადაიხაროთ უცხო ღმერთებისაკენ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ მათ.

მსაჯული 14:15
და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?“

მსაჯული 16:5
და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეუჩნდი და ათქმევინე, რაშია მისი დიდი ძალის საიდუმლო, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემთ.“

2 მეფეთა 11:2-4
საღამო ჟამს ადგა დავითი თავისი მოსასვენებლიდან და სამეფო სახლის ერდოზე იწყო სეირნობა. და იქიდან დაინახა ბაღში მობანავე ქალი. ქალი ძალზე მშვენიერი იყო. და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ის არის ბათშებაყი, ელიყამის ასული, ცოლი ურია ხეთელისა.“ და გააგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი. და დაწვა დავითი მასთან და როცა განიწმიდა ქალი თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა თავის სახლში.

იობი 31:9
თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცისაგან, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს,

ფსალმუნები 77:36
მაგრამ ელაქუცებოდნენ პირით, და ცრუ იყო მათი ენის სიტყვები;

იგავნი 1:10
შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ.

იგავნი 16:29
მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე აყენებს;

მათეს 4:1-7
მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“

მათეს 6:13
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“

ლუკას 8:13
კლდეზე დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან;

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.

1 ტიმოთეს 6:9
ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს.

იაკობის 1:14-16
არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.