ლევიანნი 5:12-13
მიიტანოს იგი მღვდელთან; აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვი, როგორც მოსაგონარი ნაწილი და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირად: ეს ცოდვისთვის შესაწირია. და გამოისყიდის მღვდელი ცოდვიდან, რითაც შესცოდა და ეპატიება; რაც დარჩება მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი”.
გამოსვლა 29:38-43
აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად. ერთი კრავი დილით შესწირე, ხოლო მეორე – მწუხრის ჟამს. ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, მეოთხედი ჰინის გამოხდილ ზეთში შერეული და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის. მეორე კრავი კი მწუხრის ჟამს შესწირე, დილის შესაწირის მსგავსად და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად უფალს. მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან. იქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით.
ლევიანნი 1:3-13
თუ სრულადდასაწველია მისი მსხვერპლი, მაშინ შესწიროს უნაკლო მოზვერი მსხვილფეხა საქონლიდან; საკრებულო კარვის შესასვლელთან შესწიროს, რათა მიღებული იყოს იგი უფლის მიერ. თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად. დაკლას მოზვერი უფლის წინაშე და შესწირონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, და აპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც საკრებულოს კარვის შესასვლელთანაა. გაატყაოს სრულადდასაწველი მსხვერპლი და ნაწილებად დაჭრას. დაანთონ აჰარონ მღვდლის ძეებმა ცეცხლი სამსხვერპლოზე და დააწყონ ცეცხლზე შეშა. და განალაგონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. მისი შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; სამსხვერპლოზე დაწვას მღვდელმა ყველაფერი: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. თუ ფარიდან იქნება მისი სრულადდასაწველი შესაწირი, ცხვარი ან თხა, შესწიროს უნაკლო მამალი. დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. დაჭრას იგი ნაწილებად და დააწყონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები თავიანად და ქონიანად შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
ლევიანნი 4:1-3
ასე უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის შვილებს: თუ უნებლიეთ შესცოდავს ვინმე და ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, თუ ცხებული მღვდელი შესცოდავს და გარევს ხალხს დანაშაულში, შესწიროს უბიწო მოზვერი უფალს თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა; ცოდვის მსხვერპლად.
ლევიანნი 5:13
და გამოისყიდის მღვდელი ცოდვიდან, რითაც შესცოდა და ეპატიება; რაც დარჩება მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი”.
ლევიანნი 6:1-7
და უთხრა უფალმა მოსეს: „თუ შესცოდავს ვინმე, იმუხთლებს უფლის წინაშე და უპატიოსნოდ მოექცევა თავის მოყვასს, უარს იტყვის შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან მოსტაცებს რასმე, ან გაძარცვავს თავის მოყვასს; ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ან ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი სჩადის და სცოდავს; თუ ასე მოიქცა და დადანაშაულდა, დაე დააბრუნოს მიტაცებული, რაც მიიტაცა, ან გაძარცვული, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა. ნებისმიერი რამ, რისთვისაც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა აანაზღაუროს და მეხუთედიც დაუმატოს იმას, ვისაც ეკუთვნის, მისი დანაშაულის აღიარების დღეს. თვითონ კი მიიტანოს უფალთან ფარის უნაკლო ვერძი, შენი შეფასებით, როგორც დანაშაულის შესაწირი მღვდელთან. გამოისყიდის მას მღვდელი უფლის წინაშე და ეპატიება მას ყოველივე, რაშიც დადანაშაულდა”.
ლევიანნი 7:1-7
„ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი რჯული: წმიდათა წმიდაა იგი. იმ ადგილზე, სადაც დაკლავენ სრულადდასაწველს, დანაშაულისთვის შესაწირი დაიკლას და მოეპკუროს მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. შესწიროს მთელი მისი ქონი: დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს; ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმელებს. და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად უფლისთვის. ეს დანაშაულისთვის შესაწირია. ყოველმა მამრმა მღვდლების შვილთაგან ჭამოს იგი. წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა. ერთი რჯული აქვს ცოდვისთვის შესაწირს და დანაშაულისთვის შესაწირს: მღვდელს ეკუთვნის იგი, რომელიც მისი მეშვეობით გამოისყიდის.
ლევიანნი 3:1-5
თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე. თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. შესწიროს უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან საცეცხლო შესაწირად: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რაც შიგნეულობაზეა. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს. დააკმიონ იგი აჰარონის ძეებმა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე, შეშის ზემოთ დევს; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისთვის.
ლევიანნი 7:11-15
ესაა რჯული სამშვიდობო შესაწირისა, რომელსაც უფალს სწირავენ: თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები. გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად. ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს. სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან.
ლევიანნი 2:1-3
როცა ვინმე პურეულ მსხვერპლს სწირავს უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დაადოს. და მიიტანოს აჰარონის ძეებთან, მღვდლებთან; აიღოს სავსე პეშვი გამტკიცული ფქვილი, ზეთი საკმეველთან ერთად და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი* წილი სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის. მონარჩენი კი პურეული ძღვენიდან, აჰარონისა და მისი ძეებისთვის იყოს; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
ლევიანნი 6:14-23
ეს არის პურეული ძღვენის რჯული: აჰარონის ძეებმა შესწირონ იგი უფალს, სამსხვერპლოს წინ. აიღოს მისგან პეშვით პურეული ძღვენის გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი, რომელიც პურეულის ძღვენზეა და დააკმიოს სამსხვერპლოზე მისი მოსაგონარი წილი, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის. მისგან მონარჩენი კი აჰარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეიჭამოს, საფუარის გარეშე. საფუარით ნუ გამოცხვება იგი, მე მივეცი მათ ჩემი წილი სრულადდასაწველი შესაწირისგან, წმიდათა წმიდაა იგი, როგორც ცოდვისა და დანაშაულის შესაწირი. აჰარონის შთამომავალთაგან ყოველ მამაკაცს აქვს უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან ჭამის უფლება, სამარადისო წესია ეს თქვენთვის და ყოველი, ვინც მათ შეეხება, განიწმინდება”. უთხრა უფალმა მოსეს: „ესაა აჰარონისა და მისი ძეების შესაწირი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისა – მუდმივ ძღვნად; ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს. ტაფაზე, ზეთში უნდა მომზადდეს, შეკაზმული, ნამცხვრის წილობებად, პურეულის ძღვენივით საამო კეთილსურნელებად შესწიროს იგი უფალს. აჰარონის ძეთაგან, მის მაგიერ ცხებულმა მღვდელმა, უნდა შეასრულოს ეს. სამარადისო წესად გქონდეთ. მთლიანად უფლისთვის უნდა დაეკმიოს იგი. მღვდლის ყოველი პურეული შესაწირი მთლიანად დაეკმიოს, არ შეიჭამოს”.
ლევიანნი 9:4
მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად, რათა უფლის წინაშე აღასრულოთ მსხვერპლშეწირვა და პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი”.
რიცხვნი 6:14-17
და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს – სამშვიდობო შესაწირად; ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს. მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს. ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც.
რიცხვნი 28:3-13
უთხარი: ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელსაც შესწირავ უფალს – ორი ერთწლიანი უნაკლო კრავი ყოველდღე, მუდმივ სრულადდასაწველად. ერთი კრავი დილით შესწირე, მეორე კრავი კი – დაბინდებისას. პურეულ შესაწირად – მეოთხედ ჰინ სუფთა ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი. მუდმივი სრულადდასაწველია ეს, რომელიც სინაის მთაზე, საამო კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად იყო შეწირული უფლისთვის; და სასმელი მასთან ერთად – თითო კრავზე ჰინის მეოთხედი; წმიდა ადგილზე დაღვარე იგი, მაგარი სასმელი უფლისთვის. მეორე კრავი დაბინდებისას შესწირე; დილანდელი პურეული და საღვრელი შესაწირის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის. შაბათ დღეს ორი ერთწლიანი, უნაკლო კრავი და პურეული შესაწირი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი ორი მეათედი ნაწილი გამტკიცული ფქვილი და მისი საღვრელი. ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელი შესაწირის გარდა. ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი უნაკლო კრავი. პურეულ შესაწირად, ერთ მოზვერზე, ზეთში აზელილი სამი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი და ერთ ვერძზე ზეთში აზელილი ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; პურეულ შესაწირად – ერთ კრავზე, ზეთში აზელილი ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი. ეს სრულადდასაწველი, საამო კეთილსურნელებაა, შესაწირია უფლისა.
ლევიანნი 12:1-8
უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანებს: თუ დაორსულდება ქალი და შობს მამრს, უწმიდურია იგი მაშინ შვიდ დღეს; როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი. მერვე დღეს წინადაცვითონ ვაჟს ჩუჩის ხორცი. ქალი კი ოცდაცამეტი დღე დარჩეს განწმედის სისხლდენაში; წმიდას არაფერს შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღენი. და თუ მდედრს შობს, მაშინ ორ კვირას იქნება უწმიდური, როგორც წიდოვანების დღეებში და სამოცდაექვსი დღე დარჩეს განწმენდის სისხლდენაში. როცა შესრულდება მისი განწმენდის დღენი ძის ან ასულისთვის, მიუყვანოს მღვდელს ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის მსხვერპლად საკრებულო კარვის შესასვლელთან. შესწიროს იგი უფლის წინაშე, გამოისყიდოს და გასუფთავდება სისხლდენიდან. ესაა რჯული ვაჟისა და ქალის გაჩენაზე. ხოლო თუ კრავზე არ მიუწვდება ხელი, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი: ერთი სრულადდასაწველად, მეორე კი ცოდვის მსხვერპლად, გამოისყიდის მღვდელი და სუფთა იქნება”.
მათეს 8:2-4
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა:„უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან. უთხრა მას იესომ: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
ლევიანნი 14:2-7
„ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან; და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან, მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი. უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე. აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში. შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.