Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 9

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება

91 უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“

ფერიცვალება

ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო. და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!“ 8 უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი. როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე. 10 ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა. 11 და ჰკითხა მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო? 12 და უთხრა მათ: „მართალია, პირველად უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს? 13 მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე.“

ეშმაკეულის განკურნება

14 როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები. 15 და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. 16 ჰკითხა მათ „რას ედავებით ამათ?“ 17 ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს. 18 სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ 19 და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“ 20 და მიუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული. 21 და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან. 22 ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე“. 23 იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ 24 ბავშვის მამა მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ 25 როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ 26 შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა. 27 იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა. 28 შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ?“ 29 და უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“

იესო მეორედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

30 იქიდან წასულები გალილეაზე გადადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო. 31 ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ 32 მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.

ვინ არის უდიდესი

33 და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“ 34 ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო. 35 და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“ 36 მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ: 37 „ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“ 

ვინ არის ჩვენსკენ

38 უთხრა მას იოანემ : „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება!“ 39 იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა, 40 ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. 41 ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

ცოდვის საცდურები

42 ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. 43 თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში, 44 სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 45 თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, 46 სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 47 თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, 48 სადაც მატლი მათ არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 49 ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. 50 მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.“

თავი მერვე                                                                                                                                                თავი მეათე

COMMENTS