ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე
131 როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!“ 2 იესომ უთხრა მას : „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
ვაებათა დასაწყისი
3 როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4 „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს. 5 იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, 6 რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7 როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 8 აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. 9 „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. 10 ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. 11 როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ წამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. 12 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13 მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომდე მოითმენს, გადარჩება.
დიდი სატანჯველი
14 როცა იხილავთ გატიელების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს; 15 ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად; 16 ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად, 17 ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 18 ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19 ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. 20 უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. 21 მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ. 22 ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. 23 თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.
კაცის ძის მოსვლა
24 მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. 25 იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევა ციური ძალები. 26 მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. 27 მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდამდე.
ლეღვის ხის გაკვეთილი
28 „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29 ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. 30 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე არ მოხდება. 31 ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
უცნობი დღე და ჟამი
32 მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33 იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. 34 როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა, 35 ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი — საღამოთი და შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, 36 რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. 37 რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.“
COMMENTS