Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 9

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება

91 მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილე ციდან მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის კლიტე. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ძალა, როგორც აქვთ ძალა მიწის მორიელთ. ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახეულობა, და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი. მიეცათ ნება მათ არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ხუთ თვეს. და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.
შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. მათ თავებზე გვირგვინები იყო, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები. ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. 10 ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები. და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება ხუთ თვეს ადამიანთა საწამებლად. 11 მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი.
12 ერთი უბედურება წავიდა, აჰა, მოდის მის შემდეგ კიდევ ორი.
13 მეექვსე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მომესმა ერთი ხმა ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისაგან, 14 ეუბნებოდა მეექვსე ანგელოზს, რომელსაც ჰქონდა საყვირი: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“ 15 და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი. მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს, ადამიანთა მესამედის ამოსაწყვეტად. 16 ცხენოსანთა ჯარის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი და მოვისმინე მათი რიცხვი. 17 ასეთ ჩვენებაში ვიხილე ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები, და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. 18 ამ სამი წყლულისაგან – ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი. 19 ვინაიდან ცხენთა ძალა და მათ პირებსა და მათ კუდებშია. ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებდნენ.
20 დანარჩენებმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. 21 არ მოინანიეს თავიანთი ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძაობა, არც თავიანთი ქურდობანი.

თავი მერვე                                                                                                                                                თავი მეათე

COMMENTS