Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 6

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ბეჭდები

61 ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და მომესმა, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლარაპაკობდა: „მოდი“. შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა.
   3 როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი. მის მხედარს მიცემული ჰქონდა მიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ. მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი.
   5 როცა მესამე ბეჭედი ახსნა, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეპყრა. ოთხი ცხოველის შუაგულიდან მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ“.
   7 როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. შევხედე, და აჰა, ყვიციანი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება მიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.
   9 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. 10 დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“. 11 მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
   12 როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, ვიხილე, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. 13 ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივდება მკვახე ლეღვი. 14 ცა გაუჩინარდა დაგრაგნილი წიგნივით. ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან. 15 მიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. 16 უთხრეს მთებსა და კლდეებს. „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. 17 ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“

თავი მეხუთე                                                                                                                                       თავი მეშვიდე

COMMENTS