Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 17

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
დიდი მეძავი და მხეცი

171 მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს ბევრ წყალზე მჯდომ დიდ მეძავზე, 2 რომელთანაც მეძაობდნენ მიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ მიწის მკვიდრნი“. 3 მან სულით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე. 4 დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძის სიბილწით და უწმიდურებით სავსე. 5 მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის საბილწეთა დედა“. 6 დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. 8 მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის და ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპავად წავა. მიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც სოფლის შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. 10 მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. 11 მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპავად მიდის. 12 ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. 13 მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. 14 ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან“.
   15 მითხრა მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. 16 ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, 17 ვინაიდან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები. 18 ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა მიწის მეფეებზე.

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                       თავი მეთვრამეტე

COMMENTS